LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ საყვარელი ადამიანი კარიერულ წინსვლაში მხარს არ გიჭერთ, სჯობს, მარტო დარჩეთ!

127
oct17-24-hbr-Neasden-Control-Centre-03-1200x675

საყვარელი ადამიანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს წარმატების მიღწევაში – როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. რატომღაც საზოგადოებაში არსებობს ტენდენცია იმისა, რომ მამაკაცები უფრო ორიენტირებულები არიან კარიერაზე, ვიდრე ქალები. ამ შეხედულების გათვალისწინებით, ქალებს უფრო მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა და მოტივაცია.

მკვლევარი და მწერალი ავივა ვიტენბერგი იხსენებს სადილს, რომელსაც ის კარიერული თვალსაზრისით წარმატებულ ქალებთან ერთად ესწრებოდა. მათი ასაკი 25-დან 74 წლამდე მერყეობდა.

როგორც ავივა წერს, სადილზე მყოფი ქალებიდან ერთს ჰქონდა ძალიან დიდი შესაძლებლობა სხვა ქვეყანაში, მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში იბრძოდა იმისთვის, რომ დაეთანხმებინა მეუღლე, მასთან ერთად წასულიყო.

კიდევ ერთმა ქალმა გადაწყვიტა, რომ გადაერჩინა თავისი ქორწინება, ოჯახი, რომელიც მისი სამსახურის გამო დანგრევის პირას იყო. მან აიღო ერთ წლიანი შვებულება, რათა ოჯახისთვის მიეხედა და თავი დაანება ორ მაღალანაზღაურებად სამსახურს.

მესამე კი ყვებოდა, რომ ცდილობდა ოჯახის გამო იურიდიულ ფირმაში ნახევარ განაკვეთზე ემუშავა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ასე პროფესიული თვალსაზრისით ვერ განვითარდებოდა.

„ამ ქალების გამოცდილება ამყარებს ჩემ მიერ წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევის დასკვნას – თუ ქალს სურს, რომ პროფესიული თვალსაზრისით იყოს წარმატებული, მას უნდა ჰყავდეს პარტნიორი, რომელიც მხარს დაუჭერს მას კარიერული წინსვლის კუთხით, წინააღმდეგ შემთხვევაში, სჯობს საერთოდ უარი თქვას სასიყვარულო ურთიერთობაზე”, – წერს ავივა ვიტენბერგი.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებული ქალების რაოდენობის ზრდა მეოცე საუკუნეში უკვე თვალშისაცემი იყო, ხოლო 21-ე საუკუნეში ჩვენ ვხედავთ ქალების მუშაობასთან და მათ წარმატებასთან დაკავშირებით მამაკაცების ადაპტირების პროცესს და ეს პროცესი მარტივი ნამდვილად არ არის. როგორც კვლევა აჩვენებს, მამაკაცების დიდ ნაწილს უჭირს მიიღოს ქალის წარმატება.

ჯერჯერობით დასაქმების მთავარი ბერკეტები ის კომპანიებია, სადაც წამყვან როლს მამაკაცები ასრულებენ და ყველაფერი მათივე შექმნილია. როგორც მკვლევარი მელინდა გეითსი წერს

“ჩვენი ქალიშვილები ჯერ კიდევ იმ კომპანიებში მუშაობენ, რომლებიც ჩვენი ბაბუების მიერაა შექმნილი და სადაც მენეჯმენტის ძველი ფორმებია შემორჩენილი.”

გეითსის თქმით, წყვილებს შორის ურთიერთობაც კვლავ მოძველებულ წესებზეა დაფუძნებული. კონკრეტულად კი – მამაკაცის კარიერა არის პირველ ადგილზე, ხოლო ქალის, მეორე ადგილზე ინაცვლებს.

ეს არ ნიშნავს, რომ მსგავსი კაცები არ არიან პროგრესულები და მხარს არ უჭერენ ცოლებს. ისინი უბრალოდ საკუთარ თავს განიხილავენ ლიდერებად, მმართველებად. ისინი არიან ბედნიერები რომ ჰყავთ წარმატებული და მაღალშემოსავლიანი ცოლები, აქებენ ამის გამო მეუღლეებს, მანამ თუ ხედავენ, რომ ცოლის კარიერა მათ კარიერაზე უფრო წარმატებულია, ამას ვერ ეგუებიან და ურთიერთობაში პრობლემები ჩნდება.

პამელა სტოუნისა და მეგ ლავჯოის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, როცა ქალი ოჯახის გამო სამსახურის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს, მამაკაცი (ქმარი) აქ მთავარ როლს თამაშობს. ხშირად ამის მიზეზი არის მოთხოვნა მამაკაცის მხრიდან, რომ ქალმა უნდა შეავსოს ოჯახში მშობლის დეფიციტი.

კვლევაში ჩართულმა ქალებმა თავიანთ ქმრებს მხარდამჭერები უწოდეს, თუმცა ანონიმურად აღიარეს, რომ ქმრები აკრიტიკებდნენ მათ სამუშაო გრაფიკს და ქალებისგან უფრო მეტ მზრუნველობას ითხოვდნენ.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნეს-სკოლის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, განათლებული მამაკაცების უმეტესობა მიიჩნევს და აქვს მოლოდინი, რომ მისი კარიერა უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე მისი მეუღლის, მაშინ როცა ქალების უმეტესობა ელოდება თანასწორობას ყველა საკითხში, მათ შორის, კარიერის თვალსაზრისითაც.

კვლევაში ჩართულ არც ერთ ქალს არ უთქვამს, რომ მისი კარიერა იქნებოდა ქმრის კარიერაზე უპირატესი.

შედარებით ძველი თაობის მამაკაცები რომ ასე ფიქრობდნენ, ეს აღარ გვიკვირს, თუმცა ის, რომ ახალი თაობის მამაკაცებსაც მსგავსი დამოკიდებულება აქვთ, სიურპრიზი აღმოჩნდა.

ისტორიული ნორმაა, რომ მამაკაცი ორიენტირებული უნდა იყოს კარიერაზე, ხოლო ქალი ოჯახზე და როგორც ჩანს, ეს ნორმა ჯერ კიდევ ძალაშია. საზოგადოება მამაკაცს აძლევს უფრო მეტ შესაძლებლობას, რომ გამოიმუშაოს უფრო მეტი ფული და იგივე საზოგადოება უწესებს ქალს ნორმას – კონცენტრირება ოჯახზე მოახდინოს და ამიტომ ქალისთვის ძალიან რთულია კარიერული თვალსაზრისით გაუთანაბრდეს მამაკაცს და ჰქონდეს მისი თანაბარი შემოსავალი. (რა თქმა უნდა, არსებობენ გამონაკლისი ქალები, თუმცა ჩვენ უმრავლესობაზე ვსაუბრობთ).

კვლევის თანახმად, ჭკვიანმა ქალებმა, რომლებმაც კარიერაზე მეუღლისა და ოჯახის გამო უარი თქვეს, ცდილობენ ამ დანაკლისის ანაზღაურებას მას შემდეგ, რაც შვილებს გაზრდიან და ასეთი წყვილების ურთიერთობა, უმეტეს შემთხვევაში, განქორწინებით მთავრდება. განქორწინების ინიციატორები კი ქალები არიან.

ურთიერთობების ექსპერტი ელი ფინკელი გამოყოფს ურთიერთობის სამ წესს, რომელიც წყვილებს ეხმარება ურთიერთგაგებაში და ამცირებს კარიერის გამო კონფლიქტის წარმოშობის შესაძლებლობას:

  1. ხედვა – ესაუბრეთ ერთმანეთს პირად და პროფესიულ მიზნებზე და გადახედეთ ამ მიზნებს რეგულარულად. იყავით გახსნილები ერთმანეთთან. უთხარით გულწრფელად ერთმანეთს, რა სახის მხარდაჭერა გჭირდებათ, როგორ აპირებთ დასახული მიზნის მიღწევას. გაუზიარეთ ხედვები.
  2. აქტიური მოსმენა – მთავარი საჩივარი ქალების მამაკაცებისადმი არის ის, რომ მათ არ უსმენენ და ამის გამო ძალიან წუხან. პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დასხდეთ, ესაუბროთ ერთმანეთს, მოუსმინოთ და ამას რეგულარული სახე მისცეთ. წარმატებული ურთიერთობისთვის ის აუცილებელია.
  3. პოზიტიური შეფასებები – ეს ძალიან იშვიათად ხდება, როგორც სამსახურში, ასევე სახლში. პოზიტიური კომენტარები ადამიანს უფრო მეტ მოტივაციას უჩენს. უთხარით ხმამაღლა თქვენს მეუღლეს, რომ ძალიან ლამაზია, მზრუნველია და საუკეთესო მხარდამჭერი.

თუ თქვენი პარტნიორი, ამ ყველაფრის მიუხედავად, კვლავ უარყოფითად ხვდება თქვენს სურვილს, მიაღწიოთ კარიერული თვალსაზრისით წარმატებას, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ხართ მის გვერდით – იმიტომ რომ გიყვართ, თუ იმიტომ რაღაც შიში გიპყრობთ განშორებაზე ფიქრის დროს? – ასეთ დროს შეგიძლიათ მიმართოთ თერაპევტს, ფსიქოლოგს.

ქალს სურს სიყვარული, აღიარება და მხარდაჭერა როგორც სახლში, ასევე სამსახურში. კომპანიები ქალს ამას ვერ სთავაზობენ, რის გამოც ბევრი ქალი ქმნის საკუთარ კომპანიას. რაც შეეხება რომანტიკულ ურთიერთობას, თუ ქალი საყვარელი ადამიანისგან სიყვარულს, აღიარებასა და მხარდაჭერას ვერ ხედავს, ის მიდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები