LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თუ სახელმწიფო სტრუქტურები გადატრიალებას ვერ გაუმკლავდებიან, ხალხი კონსტიტუციურ უფლებას დაიცავს – 10 ათასი ადამიანი უკვე შემოგვიერთდა, ხალხს ფული „ქეშად“ მოაქვს“ – მორგოშიამ ახალი მოძრაობა „ანტიმაიდანი“ დააფუძნა

173
კოკა მორგოშია

„იქიდან გამომდინარე, რაც იგეგმება და რაც სუსმა გამოაქვეყნა, ჩვენ მოძრაობა „ანტიმაიდანი“ ჩამოვაყალიბეთ და მოსახლეობასთან ურთიერთობას ვახორციელებთ. ვაგროვებთ ხალხს და საჭიროების შემთხვევაში, ღმერთმა ნუ ქნას, თუ სახელმწიფო სტრუქტურები ვერ გაუმკლავდებიან, ხალხი კონსტიტუციურ უფლებას დაიცავს“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ პრორუსული და ძალადობრივი დაჯგუფების „ალტ-ინფოს“ ლიდერმა, კოკა მორგოშიამ განუცხადა და ახალი მოძრაობის დაფუძნების იდეასა და ფინანსების მობილიზებაზე ისაუბრა.

კითხვაზე, ვის მოიაზრებენ შესაძლო სახელმწიფო გადატრიალების აქტორებად, მორგოშიამ გვიპასუხა, რომ „სუსი გამოვიდა და ყველაფერი პირდაპირ თქვა“:

„ბუნებრივია, ჩვენც ამ ხალხზე გვაქვს საუბარი. ლორთქიფანიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ძველი ლიდერები და ა.შ, ჩვენ კი არა, ამის შესახებ ქვეყნის მთავარმა უსაფრთხოების სტრუქტურამ განაცხადა“, – აღნიშნა „ალტ-ინფოს“ ლიდერმა.

რაც შეეხება ფინანსური რესურსის მოძიებასა და პარტიის ანგარიშების ბლოკირებას, მორგოშია ამბობს, რომ ამაში საგანგაშო არაფერია, რადგან „ემიგრანტები ერთმანეთს თანხებს ურიცხავენ და ხალხს ოფისში, ჩვეულებრივად „ქეშად“, სახელებით და გვარებით მოაქვთ, ვინ გააკეთა შემოწირულება“.

„ჩვენს ერთ-ერთ ლიდერს, რომლის ანგარიშზეც თანხები აკუმულირდებოდა, ანგარიში დაუბლოკეს, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. რაც შეეხება მოძრაობა „ანტიმაიდანს“, მისი შინაარსი როგორც გესმით, ისეთია, ანუ ანტი“, – დაამატა მორგოშიამ.

იარაღის შესაძლო მობილიზებაზე გავრცელებულ მიმოწერასთან დაკავშირებით კი, მორგოშიამ გვითხრა, რომ ეს არ არის შიდა ჯგუფის მიმოწერა.

„ეს არის რაღაც კონვერტაცია, რაღაც „ფეიკი“, რომელიც გაუგებარ რამეს წერს. არ ვიცი, ვინ არის, შეიძლება ვიღაც პროვოკატორია“, – თქვა „ალტ-ინფოს“ ლიდერმა.

მორგოშიას ასევე ვკითხეთ, რამდენი ადამიანია მობილიზებული ახალ მოძრაობაში „ანტიმაიდანი“, რაზედაც მან გვიპასუხა, რომ გუშინ, 12-იდან 8 საათამდე, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იყო, მსურველთა რაოდენობა კი იზრდება:

„ტელეფონზე ზარები ახლაც არ წყდება, ბევრი ადამიანი რეკავს და სურვილს გამოთქვამს, ჯგუფს შემოუერთდეს, 5-6 ტელეფონი კიდევ უნდა დავამატოთ.

რაც შეეხება ჩვენს აქტივობას, პარტიის ლიდერები რაიონების მიხედვით ჩავლენ, მოსახლეობას შეხვდებიან, იქნებიან კოორდინაციაში ასეულების ხელმძღვანელები და იქნებიან რეგიონების მიხედვით დაყოფილები.

საჭირო დროსა და საჭირო მომენტში კი მათი მობილიზება მოხდება. იმ „ლოკაციაზე“, რა „ლოკაციაზეც “აქტივობა იქნება საჭირო“. – განუცხადა „ფორტუნას“ კოკა მორგოშიამ.