„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ადვოკატმა, თამთა მურადაშვილმა მოინახულა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.
როგორც თამთა მურადაშვილმა განაცხადა, გვარამია თავს კარგად გრძნობს და მასთან საკმაოდ საინტერესო, საქმიანი შეხვედრა ჰქონდა.
მურადაშვილმა ნიკა გვარამიას მიერ, რუსთავი 2-თვის მოთხოვნილ კომპენსაციაზე ისაუბრა და თქვა, რომ თუ შესაბამის პასუხს ვერ მიიღებენ დავა ბრიტანეთის საარბიტრაჟო სასამართლოში გაგრძელდება.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს სტატისტიკას, მურადაშვილის შეფასებით, ეს სტატისტიკა პრინციპში, აჩვენებს ორ რამეს:
„პირველი ის, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ასეთი საქმეების რაოდენობა მიუთითებს, რომ ეს არ არის სისხლის სამართლის განსჯადი საქმეები და რეალურად, ასეთი დავები საქალაქო სასამართლოში მიდის, საკორპორაციო სამართლის კუთხით. აქედან ეს შეიძლება დავასკვნათ.
ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია ეს საქმეები არ იყო ამ მუხლზე კომბინაციაში სხვა მუხლებთანაც და სწორედ ამიტომ მოხვდა სისხლის სამართლის კატეგორიაში.
და მეორე: ის საქმეები, რომელიც მოხვდა, პატიმრობა არც ერთ შემთხვევაში გამოყენებული არ იყო. ხოლო ნიკა გვარამიას შემთხვევაში, გამოყენებული იყო. ცალსახაა, რომ სასამართლომ შეცვალა საკუთარი პრაქტიკა, მხოლოდ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“, – განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
კითხვაზე, როგორი იქნება გეგმა, თუ „რუსთავი 2“-დან შესაბამის პასუხს არ მიიღებენ, უფლებადამცველმა უპასუხა:
„მაშინ დავა გაგრძელდება, ოღონდ არა აქაურ სასამართლოში, რომელსაც კლანი მართავს, არამედ გაგრძელდება ბრიტანეთის, ლონდონის საარბიტრაჟო სასამართლოში, რადგან ხელშეკრულების თანახმად, სწორედ ამგვარი დავის შემთხვევაში, შესაბამისი იურისდიქცია და განმხილველი სასამართლო უნდა ყოფილიყო სწორედ ბრიტანეთში.
ამიტომ თუ „რუსთავი 2“ არ გადაიხდის, დავა გაგრძელდება სხვა ქვეყნის სასამართლოში.“ – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ისგან კომპენსაციის სახით 5 მილიონ დოლარს ითხოვს.