LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ რაღაცას არ შევცვლით ძალიან დიდი ტრაგედიები გველოდება წინ”: რატომ იზრდება ლიფტებში დაშავებულთა რაოდენობა

253
lift

გაუმართავ ლიფტებში დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა მუდმივად, საგანგაშოდ სწრაფად იზრდება. მხოლოდ მიმდინარე წელს, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტებში 30 უბედური შემთხვევა მოხდა. ბოლო დაშავებული 6 წლის გოგონა იყო, რომელიც გაუმართავი ლიფტის შახტში ჩავარდა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

რატომ გახშირდა უბედური შემთხვევები და ვინ არის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებელი, ამ საკითხებზე “მენაშენეთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ირაკლი როსტომაშვილს ვესაუბრეთ.

 

 

როგორც ირაკლი როსტომაშვილმა “ფორტუნასთან” საუბარში აღნიშნა, მოსახლეობა დიდი საფრთხის წინაშე დგას, რადგან ლიფტებს, რომლითაც დღეს მათი უმეტესობა სარგებლობს, ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ გაუვიდათ.

“70-იან წლებიდან მასობრივად დაიწყო თბილისში მაღალსართულიანი შენობების მშენებლობა, სადაც საბჭოთა კავშირში წარმოებული ლიფტები იყო გამოყენებული. როგორც ნებისმიერ დანადგარს, ლიფტებსაც აქვთ ექსპლუატაციის ვადა: დაახლოებით 25 წელი. თბილისში არსებულ ლიფტებს კი ეს ვადა 25 წლის წინ ამოეწურათ, დაახლოებით 90-იან წლებში. ეს არ არის სახუმარო თემა, დღეს თბილისში არსებულმა ლიფტებმა ამოწურეს რესურსი და მოსახლეობა დიდი საფრთხის ქვეშ დგას, თუ რაღაცას არ შევცვლით ძალიან დიდი ტრაგედიები გველოდება წინ”, – აღნიშნა ირაკლი როსტომაშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ ამორტიზირებული ლიფტების დიდი ნაწილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მფლობელობაშია. შესაბამისად, ფორმალურად, უსაფრთოხებასა და ლიფტების გამართულობაზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. როგორც ლევან როსტომაშვილი აცხადებს, ეს იმ არასწორი ნაბიჯების შედეგია, რომელებიც ბინების პრივატიზაციის მიმართულებით გადაიდგა.

გაუმართავი ლიფტის შეცვლა საშუალოდ 15-20 ათასი ლარი, ანუ 5-6 ათასი დოლარი ჯდება, 18 ათასი ლიფტის შეკეთება ან გამოცვლა დაახლოებით 300 000 ლარი, 100 000 დოლარი დაჯდება, ამის საშუალება მოსახლეობას არ აქვს, ამიტომ მუდმივად რისკის ქვეშ იმყოფებიან, ან მაღალსართულიან ბინებში კიბით გადაადგილება უწევთ.

“ძალიან მძიმე სათქმელია, მაგრამ თავის დროზე ძალიან ბევრი არასწორი რამ მოხდა პრივატიზაციის მიმართულებით. მოსახლეობამ ხელშეკრულებები ბრმად გააფორმეს, მოხდა ბინების პრივატიზება, და ეს მოქალაქები გახდნენ 100 პროცენტით მესაკუთრეები. მთლიანად ყველაფერი მათ საკუთრებაში შევიდა, მათ შორის ლიფტებიც. უმძიმესი მემკვიდრეობა შეხვდათ, თბილისში 15-18 ათასი ლიფტია, აქედან 80 პროცენტი არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ დარგის ნებისმიერი სპეციალისტი პირდაპირ დალუქავდა”, – აღნიშნავს როსტომაშვილი.

ფაქტია, რომ უბედური შემთხვევების სტატისტიკა იმატებს, ლიფტით ყოველი მგზავრობა საფრთხის შემცველია და ფატალურად დასრულების შანსიც დიდია თუ პრობლემა დროულად არ გადაიჭრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები