“მართალია ჩვენ გვაქვს მცურავი გაცვლითი რეჟიმი, მაგრამ თუ ჩვენ დავინახავთ, რომ კურსის ეს მაჩვენებელი დიდი ხნით იქნება გადახრილი მისი ფუნდამენტური მდგომარეობიდან, ამან შეიძლება საფრთხე შეუქმნას ინფლაციას და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, მათ შორის, გავამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას,” – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, როდესაც საუბრობს კურსზე, იგულისხმება ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი არა ერთ ვალუტასთან დაკავშირებით, არამედ სხვადასხვა ვალუტების საშუალო შეწონილი.
არჩილ მესტვირიშვილი განმარტავს, რომ მცურავი გაცვლითი რეჟიმისთვის კურსის ცვალებადობა მისთვის დამახასიათებელია. მისივე თქმით, ფუნდამენტური ფაქტორები პოზიტიურია და ლარის კურსის რყევა მოლოდინებითაა გამოწვეული.
” ჩვენ რასაც ვხედავთ, იმპორტიორებმა, რომლებიც ადრე იანვარ-თებერვალში ყიდულობდნენ ვალუტას, შესყიდვა ჯერ კიდევ აგვისტოდან დაიწყეს. ახლა ეს უფრო გააქტიურებულია, რაც ასევე დაკავშირებულია მოლოდინებთან“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.
რაც შეეხება იმპორტიორთა განცხადებას ფასის გაზრდასთან დაკავშირებით მესტვირიშვილი განმარტავს, რომ ამაზე სებ-ის რეაქცია მონეტარული პოლიტიკის გატარება იქნება.
“თუ ვინმე ზედმეტად გაზრდის ფასს, მათ შორის, იმპორტიორი და მას ეყოლება ადგილობრივი ჩამნაცვლებელი, ჩვენ ადრეც ვნახეთ რომ გააძვირეს და მერე მოუწიათ შემცირება და ახლაც ამ პროცესთან გვექნება საქმე”,-განაცხადა მესტვირიშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ მოახდინა გავლენა კურსზე რომელიმე მსხვილმა ტრანზაქციამ, არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, გასულ წელს, როცა მსხვილი ტრანზაქცია იყო, ამაზე ეროვნულმა ბანკმა კომენტარი და ინტერვენციაც გააკეთა. მისივე თქმით, წელს მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.