“შარლ მიშელის შეთანხმება ბოლომდე არ არის მისული, რაშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ნაწილს და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობა უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყნის როგორც სტაბილურობას, ისე განვითარებას.” – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ რადიო “ფორტუნას” ეთერში განაცხადა და შეაფასა როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
კაკაჩიამ მიშელის ვიზიტსა და ამ მოლოდინებზე ისაუბრა და ასევე განმარტა, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მივიღოთ.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი საერთო მოლოდინი 19 აპრილის შეთანხმების ბოლომდე შესრულებაა:
“პირველი საერთო მოლოდინი ალბათ ის არის, რომ ვინაიდან ბატონი მიშელი თავდ იყო ინიციატორი, ე.წ. მისი სახელობის შეთანხმების, ყოველ შემთხვევაში, მას დღეს ჰქონდა საუბრები როგორც მმართველ ძალასთან, ისე ოპოზიციურ პარტიებთან, მოლოდინი არის ის, რომ სწორედ მისი შუამავლობით და ევროკავშირის აქტიური ჩართულობით მოხერხდება, რაღაცნაირად ბოლომდე გავიდეთ ამ შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ამ შეთანხმების რაღაც გარკვეული ნაწილი შესრულდა, მაგრამ ის ბოლომდე არ არის მისული, რაშიც გარკვეული წვლილი მიუძღვის, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ნაწილსაც და, რაც ყველაზე მთავარია, ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობა უკვე სერიოზული პრობლემის წინაშე აყენებს ქვეყნის როგორც სტაბილურობას, ისე განვითარებას.” – აღნიშნავს პოლიტოლოგი.
კაკაჩია ყურადღებას ამახვილებს შეთანხმებით გათვალისწინებული მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაზეც და კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქნციები, ამბობს, რომ თუ ხელისუფლება კვლავ ჯიუტად გააგრძელებს ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღებას, ევროკავშირის ასიგნებების შეჩერებაზე შეიძლება საუბარი:
“ევროკავშირის მხრიდან სანქციებზე ლაპარაკი ცოტა ნაადრევია, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ის მაკროსაფინანსო დახმარება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გამოეყოს გარკვეული ასიგნებები ევროკავშირის მხრიდან, მის შეჩერებაზე ალბათ შეიძლება საუბარი, მით უმეტეს, ეს იმ ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ ხელისუფლება კვლავ ჯიუტად გააგრძელებს ერთპიროვნულად ამ გადაწყვეტილების მიღებას.
რაც შეეხება სხვა აქტორებს, მათ შორის, აშშ-ს, აქ სიტუაცია ოდნავ სხვანაირად არის, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ყოველ შემთხვევაში, აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტათი უფრო ხისტი იყოს, ვიდრე ევროკავშირის, ასე რომ დღეს კონკრეტულად ამაზე საუბარი ძალიან რთულია, მაგრამ არც გამორიცხვა შეიძლება.” – აცხადებს კორნელი კაკაჩია.
პოლიტიკის ექსპერტი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს, ამბობს, რომ სიტუაცია საკმაოდ ფეთქებადსაშიშია და აღნიშნავს, რომ ეს დაპირისპირება, მით უმეტეს მოახლოებული არჩევნების წინ, საკმაოდ სერიოზულია:
“წინასწარ რამის თქმა რთულია, მაგრამ სიტუაცია არის საკმაოდ ფეთქებადსაშიში და ეს დაპირისპირება, მით უმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ, არის საკმაოდ სერიოზული.
ჩვენთან დღეს არის უამრავი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, საერთოდ მოვახერხებთ თუ არა ამ არჩევნების ნორმალურად ჩატარებას, იმიტომ, რომ პოლიტიკური ძალები ვერ ახერხებენ თუნდაც ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევას, თითქმის ორი თვით ადრე არჩევნებამდე, ეს მიუთითებს სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისზე და აი ამ ფონზე, არაფერი არ არის გამორიცხული, თუმცა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ წავა მოვლენები, იგივე, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას მედიის მოთხოვნებზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებზე და რამდენად შეასრულებს ის იმ საერთაშორისო ვალდებულებებსაც, რომელსაც ხელი მოეწერა.” – განაცხადა კაკაჩიამ.
შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. მიშელი დღეს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას ესწრება, სახელწოდებით “საქართველოს ევროპული გზა”.