LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ ხედავთ, რომ მანქანას გამონაბოლქვი აქვს, დარეკეთ 112-ში” – ჩერქეზიშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს

163

„ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა არის შეუქცევადი, საკმაოდ რთული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა – სახელმწიფო უწყებების, პარლამენტის, მუნიციპალიტეტების და რაც მთავარია, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იყოს მაღალი,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა კონფერენციაზე „ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის მონიტორინგი და შეფასება“ სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენცია ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) “სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის” პროექტის ორგანიზებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში გაიმართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობის საკითხია, მათ  შორის  როგორც მძღოლების, ისე სახელმწიფოსი და სამოქალაქო საზოგადოების.

„სახელმწიფოს ვალდებულების საკითხია იმ ნაწილში, რომელზეც ვსაუბრობთ – გარემოს დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფა, ასევე ინფრასტრუქტურის და ხარისხის კონტროლის ნაწილი, კერძოდ, საწვავზე ვსაუბრობ – რომ ეს ყველაფერი გამართული იყოს და რეგლამენტები იყოს წესრიგში და იმ შესაბამისობაში,  რა ვალდებულებებიც გვაქვს აღებული ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მივესალმებით თქვენი პროექტის დაწყებას და ვიმედოვნებით, რომ ის იქნება თანამშრომლობაზე დამყარებული“, – აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამოქალაქო აქტივობა და ჩართულობა იმ ნაწილში,  რომელიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს – კონტროლის და მონიტორინგის მექანიზმების ნაწილში.

“თუ მხედველობითი არეალი არის და ხედავთ, რომ მანქანას გამონაბოლქვი აქვს, ამას გადამოწმება არ სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა გაიარა თუ არა ამ ავტომობილმა ინსპექტირება. ეს არის ჩვეულებრივი სანქციის ნაწილი. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ დარღვევის შესახებ 112-ს აცნობოს. ეს არის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და 112-ში უნდა დარეკოთ. სამოქალაქო ჩართულობა ამასაც გულისხმობს,რომ უნდა მოხდეს საზოგადოების მხრიდან რეაგირება,” – აღნიშნა ჩერქეზეიშვილმა.

მისივე თქმით, მას პირადად გადაუმოწმებია, ის ავტომობილები, რომელთა ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანს აკრძალული ჰქონდა გადაადგილება.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი ივლისიდან  ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო. ტექნიკური ინსპექტირების გავლას სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები დაექვემდებარებიან.

დღეიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლა ავტომფლობელს მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ ცენტრში შეეძლება. ამასთან, სამუშაო საათებში მოქალაქეებს შეუძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ცხელი ხაზის 1484-ის მეშვეობით.