LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელების ასაკს, მომავალ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის რეალური შანსია

4

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოსვლა 9 ქულით და ჯგუფში ბოლოსწინა ადგილით დაასრულა. მიუხედავად ამისა, ბოლო შეხვედრებში ნაკრების პროგრესი შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, ეს კი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს უკავშირდება, რომელმაც მოკლე დროში გუნდში ბევრი სასიკეთო გარდაქმნა განახორციელა. ნაკრების განვლილ გზასა და სამომავლო მიზნებზე სწორედ კახა ცხადაძეს ვესაუბრეთ.

– ბოლო შეხვედრით დავიწყოთ. რას გვეტყვით გერმანიასთან მატჩზე, რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდით?

– ფაქტია, რომ წავაგეთ. თამაშიდან გამომდინარე შედეგი მტკივნეულია. მიუხედავად წაგებისა, მიმაჩნია, რომ სერიოზული ფეხბურთი ვაჩვენეთ. ბოლოს და ბოლოს ჩვენი მეტოქე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იყო. ფეხბურთელების მოქმედებებში ბევრი რამ მომეწონა, მაგრამ მთავარი მაინც შედეგია. დავმარცხდით, მარცხს კი აუცილებლად შეცდომების ანალიზი უნდა მოსდევდეს.

– თქვენი ნაკრებში მოსვლიდან ძალიან ცოტა ხანი გავიდა, მაგრამ პროგრესი უკვე შეინიშნება. რაში მდგომარეობს თქვენი საიდუმლო?

– მთავარია ბევრი მუშაობა. ადრეც შეიძლებოდა ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც შედეგზე ითამაშებდა. რაც მთავარია, შეიცვალა ტაქტიკური სქემა და სათამაშო სისტემა. აქცენტს შემტევ ფეხბურთზე ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიასთან ინიციატივის აღება ძალიან ძნელია, ჩვენ მაინც შევძელით ორი ასპროცენტიანი მომენტის შექმნა. მიმაჩნია, რომ მთავარი გუნდურობაა. ფეხბურთი გუნდური თამაშია.

– ანუ, თქვენ აქცენტს გუნდურ თამაშზე აკეთებთ…

– რასაკვირველია. საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ძლიერი ინდივიდუალისტები. ჩვენი მიზანია, რომ ვიყოთ გუნდი. გუნდური თამაში და კომბინაციები წარმატების გასაღებია. მთავარია სტაბილურობა და პროგრესი. გასაგებია, რომ პროგრესი არის, მაგრამ შედეგიც უნდა იყოს. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ მინიმალურით ვკმაყოფილდებით. ამიტომაც ვერ ვაღწევთ ვერაფერს. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს.

– ჯაბა კანკავამ განაცხადა, რომ გერმანიასთან კანონზომიერი შედეგი ფრე იქნებოდა…

– ნამდვილად შეიძლებოდა ამ მატჩში ფრის მიღწევა. ორი ასპროცენტიანი მომენტი გავაფუჭეთ. თუმცა საერთო ჯამში შეხვედრა კარგად ჩავატარეთ. მიუხედავად იმისა, რომ ცდა არ დაგვიკლია, მაინც დავმარცხდით.

– წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევია. რა შანსები გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწიოთ?

– ჯერ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა. მთავარია ბევრი მუშაობა სწორი მიმართულებით. ნაკრების პროგრესი უნდა გაგრძელდეს. მომავალი ევროპის შესარჩევისათვის ნაკრებმა უნდა მიაღწიოს იმ დონეს, რომ ფინალურ ეტაპზე მოხვდეს. თუ გავითვალისწინებთ ფეხბურთელების უმრავლესობის ასაკს, ამის რეალური შანსი გვექნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება როისი, ნოიერი ან რონალდო არ გვყვავს, სტაბილური და კარგი გუნდის შექმნა მაინც შეიძლება იმ ფეხბურთელებისაგან, ვინც საქართველოს ნაკრებში თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები