“თუ “დელტა შტამს” სურს, შეამოწმოს თავისი ძალა, ის უნდა მოვიდეს დიდ სიდნეიში,” – დაწერა ავსტრალიელმა ტომ ლისმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში”, ვაქცინაციის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ კოვიდვაქცინის მეოთხე დოზა გაიკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი 34 წლისაა და არც ერთ ისეთ სექტორში არ არის დასაქმებული, სადაც კოვიდვაქცინის მიღება კატეგორიების მიხედვით ხდება, Daily Mail-ის ინფორმაციით, მან მიიღო “ფაიზერის” ორი დოზა და ასევე აიცრა “ასტრაზენეკას” ვაქცინით ორჯერადად.
ამ ეტაპზე, ავსტრალიაში “ფაიზერის” ვაქცინა ხელმისაწვდომია 40 წელს ზემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის და იმ პირებისთვის, ვინც მუშაობს კრიტიკულ სექტორში, მაგალითად, კოვიდსასტუმროში. ასტრაზენეკას მიღება კი ავსტრალიაში შეუძლია ყველა პირს, ვინც ამ ვაქცინით აცრას მოისურვებს.
ვაქცინირებული მამაკაცი აღნიშნავს, რომ ასტრაზენეკას პირველი დოზით 31 მარტს აიცრა. შემდეგ გაიკეთა “ფაიზერის” ვაქცინა და იმის ნაცვლად, რომ სამთვიანი ინტერვალი დაეცვა, მოხვდა “ცოცხალ რიგში” და “ბედი სცადა”.
ტომ ლისის ვაქცინაციის ამსახველ კადრებს თან ერთვის ტექსტი: “ეს შეიძლება იყოს უდიდესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც პანდემიიდან გამოვიდა. “თავისუფალი ადამიანის ტრიუმფი ბიუროკრატიის მიმართ ” – წერს მამაკაცი.