LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ დადებითი გადწყვეტილება იქნება მიღებული, სადაც კონკრეტულ პირობებს დაგვიყენებენ, ამაზე უკვე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი – სერიოზულად აიწევს თამასა ქართული ხელისუფლებისთვის: თამარ ხიდაშელი

117
თამარ ხიდაშელი

რა მოლოდინები არსებობს საქართველოში, ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით? – აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორმა თამარ ხიდაშელმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, არსებობს მოლოდინი, რომ თუ ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოს მიმართ კონკრეტული პირობები იქნება წამოყენებული, რომლის შესრულებაზეც ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი იქნება დამოკიდებული.

თამარ ხიდაშელის თქმით, ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ პარტიას სახელი აქვს გატეხილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ, რადგან ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე უარი თქვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულებაზე.

„დღეს კარლ ჰარცელმაც აღნიშნა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ საქართველო შეიძლებოდა უკეთესად მომზადებული დახვედროდა ამ პერსპექტივას. ჩემი პანელის მონაწილეებისგან მოლოდინები იყო პოზიტიური. ვისაუბრეთ, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები არ არის მყარი და მყიფეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს მიერ განვლილი გზა და ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რაც რეგიონშია შექმნილი და უსაფრთხოების გამოწვევები, რაც ახლა არსებობს ევროპაში, ამან ნამდვილად უნდა უბიძგოს ევროკავშირს, რომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება და მოგვანიჭოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

კონფერენციის ძალიან ბევრი მონაწილე ფიქრობს, რომ კანდიდატის სტატუსი არ იქნება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. დიდი ალბათობით, საქართველოს მოსთხოვენ მთელი რიგი ვალდებულებების შესრულებას, თუმცა მოლოდინი ვიტყოდი, რომ არ იყო სკეპტიკური. 

მაკა ბოჭორიშვილმა კონფერენციის დასასრულ თქვა, რომ ევროკავშირი დიდია და მის წევრ ქვეყნებს შესაძლოა არ ჰქონდეს აბსოლუტური ერთსულოვნება. ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მოლდოვასაც და უკრაინასაც. ნამდვილად ბევრი სამუშაოა და მნიშვნელოვანია, როგორც პრეზიდენტმა თქვა საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს ამ იდეის გარშემო.

რამდენიმე ვარიანტი არის: 

1 – კანდიდატის სტატუსს ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მოგვცემე​ნ,

2 – კანდიდატის სტატუსი პირობებით

3 – შეიძლება იყოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი, სადაც სახელმწიფოს დაუყენებენ მთელ რიგ პირობებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

ჯერ არ ვიცით ზუსტად თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მაგრამ თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება მიღებული, სადაც კონკრეტულ პირობებს დაგვიყენებენ, ამაზე უკვე იქნება დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. ძალიან სერიოზულად აიწევს თამასა ქართული ხელისუფლებისთვის. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოს 80%-ის დაკვეთაა ვეკუთვნოდეთ ევროპას, ეს ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება, არამხოლოდ საზოგადოების, არამედ მათი ამომრჩევლის წინაშეც. 

რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას, როგორც პოლიტიკურ პარტიას სახელი ნამდვილად აქვს გატეხილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. რადგან ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე უარი თქვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით შეთანხმებული ხელშეკრულების შესრულებაზე“, – განაცხადა თამარ ხიდაშელმა.