ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს ქადაგებისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და ხელისუფლების როლზე ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ, ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, აუცილებლად გავძლიერდეთ და დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს.
„რუსეთს არც აფხაზეთი სჭირდება და არც ცხინვალის რეგიონი, მაგრამ იმიტომ აკეთებენ ამას, რომ საქართველო ძლიერი არ იყოს. ჩვენ ხომ არ უნდა შევუწყოთ ხელი ამაში? – არ უნდა შევუწყოთ. მაგრამ ხშირად ვქადაგებ იმაზე, რომ აუცილებელია ჩვენი შერიგება. ჩვენ თუ არ შევრიგდით ერი, პარტიებს რომ ვუყურებთ, გადაჩეხავენ საქართველოს. რუსეთის კიდევ რა უნდა? – ჩვენი დაყოფა. ვისაც დაყოფა უნდა, ის ქართულ საქმეს ვერ გააკეთებს. ერთმანეთთან ჩასაფრებულები არ უნდა ვიყოთ.
მინდა ერთი რამ გითხრათ, რასაც პოლიტიკოსები მალავენ და ერთმანეთს საწინააღმდეგოდ იყენებენ ამას. მინდა მივმართო ხელისუფლებას, მივმართო წესიერ ისტორიკოსებს, რუსეთი არის იმპერია, ამიტომ არ გაგვიკვირდეს, რომ ჩვენ დაგვიპყროს ან ოკუპაციასთან ერთად ანექსიაც განახორციელოს. იმპერიაა და საზღვრებს უნდა ზრდიდეს. როცა არ ზრდის, მაშინ სიკვდილისკენ მიდის ასეთი იმპერია. კარგს არ ველოდოთ მათგან. სანამ ჩვენ ასე დაყოფილები ვიქნებით, ისინი ადამიანებად არ ჩაგვთვლიან.
ჩვენ მსოფლიოს და რუსეთს უნდა დავანახოთ, რომ ღირსეული ერი ვართ და ერთმანეთში მტრობა უნდა დავივიწყოთ, ერთმანეთის ჭამას თავი უნდა დავანებოთ აუცილებლად, გავძლიერდეთ, დავიბრუნოთ ის ტერიტორიები, რაც წაგვართვეს. ასე თუ გაგრძელდა. შანსი არ არის დაბრუნების. ვინც დაკარდა ისინი განიკითხავებ ხელისუფლებას“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.
მეუფე იაკობი ამბობს, რომ აფხაზეთსაც და ცხინვალის რეგიონსაც აუცილებლად დავიბრუნებთ.