LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, როგორ მოვიქცეთ “სასწრაფო პედიატრის” მოსვლამდე – პედიატრ ეკა ყიფიანის რეკომენდაციები

808

გრიპის დაავადების შემთხვევების გაზრდის გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ კომპლექსურ ღონისძიებები დაიწყო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს იგივე პროტოკოლი, რითაც მიმდინარე წლის დასაწყისში 3 კვირის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გვაქვს დაახლოებით იგივე სიტუაცია, რაც მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ეპიდემია, ეპიდემიას თავისი მახასიათებელი აქვს. იმის გამო, რომ გაზრდილია მნიშვნელოვნად მიმართვიანობა სასწრაფო დახმარების სამსახურებში, ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, გააქტიუროს  პროტოკოლი, კერძოდ,  შეიქმნა ახალი სადისპეჩერო, სადაც გადამისამართდება სხვადსახვა ჩივილების მქონე გამოძახებები და ზარები და უკვე ამ დაავადებების მართვას განახორციელებენ ოჯახის ექიმები. დამატებით გაიხსნება საოჯახო ცენტრები, რომლებიც 24/7-ზე რეჟიმში იმუშავებენ. ყველაზე მეტი მიმართვიანობა ამჯერად გრიპის ვირუსის გამოა.

ცალკე აღნიშვნის ღირსია სპეციალიზირებული ბავშვთა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ”სასწრაფო პედიატრი”, რომელიც 24 საათის მანძილზე მუშაობს და პატარა პაციენტებს ემსახურება. რადგან პატარების თემა კიდევ უფრო სენსიტიურია მშობლებისთვის, გადავწყვიტეთ ახალი წლის დადგომამდე 2 დღით ადრე გავარკვიოთ, როგორ იმუშავებს ახალი წლის დღეებში სასწრაფი პედიატრი, ხომ არ იქნება რაიმე სახის შეფერხება და რაც მთვარია, რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო. გადაცემის “სტუმრად ექიმთან” კითხვებს „სასწრაფო პედიატრი“–ს ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, პედიატრი ეკა ყიფიანი პასუხობს.

ქალაბტონო ეკა, პირველ რიგში გრიპის სიმპტომებზე მინდა გკითხოთ, იკლო თუ პირიქით, იმატა გამოძახებებმა?

გამოძახებების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, სექტემბერ-ოქტომბერთან შედარებით გაორმაგდა. როგორც წესი, გამოძახებების რაოდენობა პიკს აღწევს ხოლმე თებერვალში, თუმცა ალბათ ამინდის გამო ადრიანად დაიწყო ვირუსული ინფექციების ზრდა თავისი შესაბამისი გართულებებით. ჩვენი სამსახური აბსოლუტური მობილიზებით, კვალიფიციური კადრებითა და ბრიგადების რაოდენობის გაზრდით შეხვდა ამ ყველაფერს და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენდამი გაზრდილი მოთხოვნა მაქსიმალურად დავაკმაყოფილოთ.

რა არის ვირუსის მთავარი წყარო, მოავადე ადამიანი, თუ ამინდის ცვლილება?

არცერთი ერთმანეთს არ გამორიცხავს. დაბალი ტემპერატურა აქვეითებს იმუნიტეტს და ვირუსის მიმღეობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივი ტემპერატურის პირობებში. ის რაც ავრცელებს ვირუსს, არის ჰიგიენის წესების ცოტათი არასწორად გაგება და თავშეყრის ადგილები, ვგულისხმობ ბაღსა და სკოლას. პედიატრებისგან მინდა რეკომენდაციის სახით ვთქვა, რომ მაქსიმალურად ხშირად ანიავონ საკლასო ოთახები, ყოველ ათ წუთში ერთხელ განიავებული ოთახი მინიმუმადე დაიყვანს ვირუსის გავრცელების რისკს. იქ, სადაც არ ხდება ოთახის განიავება, ჩართულია გათბობა და არ ხდება ბოლომდე გამოჯანმრთელებული ბავშვის მიყვანა, არის იდეალური გარემო იმისათვის, რომ ვირუსული ინფექცია გავრცელდეს.

რა დროში უნდა იყოს სასწრაფო გამოძახებიდან მისამართზე?

არის შემთხვევები, როდესაც დედას ტელეფონი გათიშული არ აქვს და სასწრაფო უკვე მასთან არის და არის შემთხვევები, როდესაც ვიგვიანებთ, თუმცა ვცდილობთ ეს არ იყოს 30-40 წუთზე მეტი. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ბავშვთა სასწრაფო პედიატრი არის 15 წლიანი ორგანიზაცია, რომელიც დგას ბავშვების სადარაჯოზე, ვამატებთ ახალ სერვისებს, ინოვაციებს… როდესაც ხდება ზარის შემოსვლა დაუყონებლივ გადის თავისუფალი ბრიგადა გამოძახებაზე. მაგრამ თუ მშობელი ჯერ რეკავს სადაზღვევო კომპანიაში და შემდეგ უკვე სადაზღვევო კომპანია გვიკავშირდება ჩვენ, ეს რა თქმა დროს მოითხოვს. ძალიან გვირთულებს მდგომარეობას საცობები, მოგეხსენებათ, არის უბნები, სადაც დროულად გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენ ვახდენთ მუდმივ კომუნიკაციას მშობელთან, რადგან ის დაბნეულია, ღელავს და ეს გადადის ბავშვზეც. როდესაც პედიატრი მშობელთან ხაზზეა, ის უფრო მშვიდად არის.

რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა, სანამ მასთან მივა სასწრაფო. რა არის პირველადი დახმარება მაღალი ტემპერატურის დროს, ან ძლიერი ხველის დროს?

16 112 არის ჩვენი უნივერსალური ნომერი, რომელიც შევქმენით იმისთვის, რომ ნებისმიერი მსგავსი ტიპის პრობლემა იყოს მოგვარებული. გარდა იმისა, რომ ბინაზე იღებთ ამბულატორიულ და გადაუდებელ დახმარებას და ეს განასხვავებს სწორედ ჩვენს სამსახურს ჩვეულებრივი სასწრაფო დახმარებისგან. გადაუდებელ მდგომარეობას ბავშვებში ბევრი რამ ქმნის. რთულია, მზა რეკომენდაცია მოგცეთ, რომელიც ყველა მდგომარეობას მოერგება. დარეკეთ და გაესაუბრეთ პედიატრს, 24 საათის განმავლობაში მზად ვართ პირველადი რეკომენდაცია პედიატრისგან მოისმინოთ. მაღალი ტემპერატურისას მშობელმა პირველ რიგში ბავშვს უნდა მისცეს დამწევი, თუ არ იცით დოზირება, დარეკეთ 16 112-ზე. თუკი ბავშვს აქვს ხველება, ეცადეთ, იყოს ჟანგბადით გაჯერებულ ოთახში, სანამ სასწრაფო დახმარების ექიმი მოვა.

რა შედის სასწრაფო დახმარების ექიმის კომპეტენციაში და რა სცილდება მისი კომპეტენციის ფარგლებს?

ის რაც ჩვენ 112-სგან განგვასხვავებს, გახლავთ ის, რომ არ ვემსახურებით მხოლოდ გადაუდებელ დახმარებას, ჩვენს მიერ ხდება წინასწარი დიაგნოზის განსაზღვრა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა მუდმივი პატრონაჟით მის გამოჯანმრთელებამდე. სასწრაფო პედიატრს შეუძლია ბინაზე ჩაატაროს სატურომეტრია, შაქრის განსაზღვრა სისხლში, სასიცოცხლო პარამეტრების შეფასება, აუსკულტაცია, ჭრილობის პირველადი დამუშავება და ა.შ.

თქვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მაქსიმალურად შეამციროთ პაციენტების ჰისპიტალიზაცია, რა არის ის ჩივილი, რა დროსაც აუცილებელია ბავშვის საავადმყოფოში გადაყვანა?

ჩვენი სტატისტიკით ძალიან ვამაყობთ, 100%-დან მხოლოდ 3%-ში გვაქვს გადაყვანა. რაც შეეხება ჩვენებას, რომელიც ამერიკის პედიატრთა აკადემიის მიერ არის განსაზღვრული, ეს არის მაღალი ტემპერატურა სამ თვემდე ასაკის ბავშებში, სამი თვის ზემოთ კი სითხისა და საკვების არ მიღება და მესამე, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა, როდესაც არ არის კონტაქტური, არის მოდუნებული და ა.შ. თუ რა ჭირს პატარას, ამის განსაზღვრა უკვე კლინიკაში უნდა მოხდეს.

არსებობს თუ არა ვირუსების წინააღმდეგ პრევენციის საშუალებები და იკლო თუ იმატა იმ პაციენტებში ვირუსების რაოდენობამ, რომლებსაც აქვთ გაკეთებული გრიპის ვაქცინა?

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა სულ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში შეიქმნა, შესაბამისი ტექნიკური დამუშავებით, არის აბსოლუტურად უსაფრთხო ვაქცინა. ერთადერთი მისი გამოყენება არ შეიძლება კვერცხის გულზე მძიმე ალერგიის დროს. იმდენად კარგი შედეგები დაიდო, რომ აშშ-ში გეგმიურ კალენდარში შეიტანეს. ჩვენთან იმუნიზაციაზე კითხვის ნიშნები მაინც არის. ყველა მშობელს სურს ჯანმრთელი შვილი ჰყავდეს, თუმცა მათგან 25% არაიმუნიზებულია და ეს ბავშვები 12 უმძიმესი დაავადებისთვის არის განწირული. რა საკვირველია აცრილი ბავშვი გაცივდება, შეხვდება ვირუსი, მაგრამ გართულების პრევენციას რომ ნამდვილად ახდენს, ეს უკვე დადასტურებულია. ბავშვთა სასწრაფო პედიატრი იზიარებს რეკომენდაციას, რომ უნდა გაიკეთოთ გრიპის აცრა. იდეალური პერიოდია არაუმეტეს ნოემბრის ბოლო შაბათ კვირას, ამის შემდეგ ის უკვე კარგავს თავის ღირებულებებს. ჩვენი შიდა კვლევის მიხედვით, რა საკვირველია აცრილი პაციენტები ავადობენ, მაგრამ მათ არ სჭირდებათ ანტიბიოტიკებით თერაპია, ან ჰოსპიტალიზაცია.

რას იტყვით თვითნებურ მკურნალობაზე?

ეს საკმაოდ აქტუალური საკითხია. ხდება გამოცდილებების გაზიარება, წამალი არ არის უსაფრთხო და არავინ არის დაზღვეული მისი გვერდითი მოვლენებისგან. ძალიან კარგია ის, რომ ანტიბიოტიკის შეძენა აღარ შეიძლება რეცეპტის გარეშე. ვირუსული ინფექციის დროს ანტიბიოტიკის მიღება იგივეა, რომ წყალი დალიო და გარდა შედეგის არ ქონისა, ანტიბიოტიკი ამ დროს ასუსტებს იმუნიტეტს. როდესაც გართულებასთან გვაქვს საქმე, აღარ რჩება ექიმს არჩევანი რა დაუნიშნოს. ყველას ვურჩევ, არ მიიღოთ წამალი ექიმის გარეშე. რვა ავადობა წელიწადში, რომელიც არ რთულდება ბაქტერიული ინფექციით, ნორმაა და არ ნიშნავს იმას, რომ სუსტი იმუნიტეტი აქვს. ამ დროს ხდება ვირუსებისა და ორგანიზმის ნაცნობობის ჩამოყალიბება, რაც აუცილებელია, რადგან სტერილური გარემო დამღუპველია. ვიტამინები იმუნიტეტს არ ამაღლებს, უმრავლესობა ვიტამინებისა, რაც შემოდის, საერთოდ არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. ერთადერთი, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღად, ბალანსირებულად და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

რას გვეტყვით ტერმინ „გაციებაზე“?

მთელს მსოფლიოში გამოიყენება ეს ტერმინი და ნიშნავს მსუბუქ ვირუსულ ინფექციას, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის გარეშე, ცხვირიდან გამონადენით, ყელის ტკივილით და ა.შ. მას არავითარი კონკრეტული მკურნალობა არ სჭირდება, სასურველია ბევრი სითხე და თუ არის მაგალითად თავის ტკივილი, მივცეთ ბავშვს ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. ფრაზა არ გადაგედება, ვირუსი არ მაქვს, რა თქმა უნდა აზრს მოკლებულია. საჭიროა ჰიგიენის წესების სწორად დაცვა, არ არის სასურველი ამ დროს ესტუმროთ ჩვილ ბავშვს.

როგორ იმუშავებს სასწრაფო პედიატრი ახალი წლის დღეებში და კონკრეტულად ახალის წლის ღამეს, 31 დეკემბერს?

ბავშვთა სასწრაფო პედიატრი სრული დატვირთვით იმუშავებს საახალწლო პერიოდში, ისევე როგორც დანარჩენ დღეებში. გვყავს 17 ბრიგადა მთელი ქალაქის მასშტაბით და ვფარავთ ქალაქის შემოგარენსაც. გვაქვს რამდენიმე ფილიალი, რომ ნაკლები იყოს დაგვიანების ალბათობა. ალერგიული რეაქციებისას, მაგალითად გამონაყარის, ან სუნთქვის გაძნელებისას დაუყონებლივ უნდა გამოიძახონ მშობლებმა სასწრაფო პედიატრი, თუმცა ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ ტკბილეულთან მიმართებაში. ალერგიული რეაქცია სწრაფად პროგრესირებს და ამიტომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ჩარევა. სამ დღეზე მეტ ხანს თუ გრძელდება ტემპერატურა, ასევე საჭიროა პედიატრის გამოძახება. მე გისურვებთ ისეთ დღეებს, როდესაც არ დაგჭირდებათ ექიმის გამოძახება.

ხშირია პიროტექნიკის გამოყენებისას მიღებული დამწვრობა…

ყველა მათგანს აქვს მინიშნება/რეკომენდაცია, რომ ბავშვებისგან შორს უნდა იყოს. ყველა მშობელს ვურჩევ დაიცვან პიროტექნიკის გამოყენებისას ინსტრუქცია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები