„თუ აშშ-ში ლეგალურად ჩამოსვლა არ შეგიძლიათ, მაშინ საერთოდ არ ჩამოხვიდეთ,“ – ამის შესახებ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა ბრაზილიის პრეზიდენტთან, მიშელ ტემერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მინდა მკაფიოდ განვაცხადო: კაცობრიობის ისტორიაში აშშ მიგრანტებისთვის ყველაზე კეთილმოსურნე სახლი იყო. ჩვენ ვამაყობთ ამ მემკვიდრეობით, მაგრამ ჩვენ ასევე ვამაყობთ იმით, რომ კანონმორჩილი ერი ვართ, რომლის საერთაშორისო საზღვრებს პატივს სცემენ,“ – განაცხადა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა.
მაიკ პენსმა მიგრანტებს, ასევე, მოუწოდა, რისკის ქვეშ არ დააყენონ თავიანთი და თავიანთი შვილების სიცოცხლე აშშ-ში არალეგალურად ჩასვლის მცდელობით.
„რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ თქვენს და თქვენი ბავშვების სიცოცხლეს, როდესაც აშშ-ში შემოსვლას ცდილობთ იმ გზით, რომელზეც ბატონობენ ნარკოკონტრაბანდისტები და ადამიანებით მოვაჭრეები,“ – აღნიშნა მაიკ პენსმა.