სამი ოპოზიციური პარტიის დროას, გირჩი -მეტი თავისუფლებისა და სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებით, ქმნიან პროევროპულ ერთობას, რომლის მიზანიც, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება და ქართული ოცნების დამარცხებაა.
პარტია სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ იმ ჩიხურ სიტუაციაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება გამოსავალი პროევროპულ ერთიანობაშია – ამას ელიან დასავლელი პარტნიორები და ქართველი ხალხი.
პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ იმისთვის რომ საქართველო პროევროპული სივრცის ნაწილი გახდეს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ოპოზიციის გაერთიანება და ქართული ოცნების ერთობლივი მოქმედებით დამარცხება.
დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ უკვე გაერთიანდნენ ის პარტიები, რომელთა პოზიციებიც ამ ეტაპზე ერთმანეთს ემთხვევა და ისინი განაგრძობენ მუშაობას, რათა ამ გზის სისწორეში სხვა ოპოზიციური პარტიებიც დაარწმუნონ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანების იდეაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ დეტალურად ისაუბრა.
“ჩვენ ისეთი გამოწვევის წინაშე ვდგავართ დღეს დადასტურებულად, რის წინაშეც ბოლო წლებია არ ვმდგარვართ. არჩევანის წინაშე ვდგავართ ან ევროპული განვითარება ან რუსეთი.
სიმართლე გითხრათ, ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე თვეა ვმუშაობთ გაერთიანების საკითხზე. ამ ეტაპზე 3 პარტია დავახლოვდით საერთო პოზიციებში და იმედი გვაქვს, რომ სხვა პარტიებსაც დავარწმუნებთ და არა მარტო პარტიებს, აქ ლაპარაკია აქტიურ ჯგუფებზე, აქტიურ ადამიანებზე, რომ ყველანი ერთად ჩამოვყალიბდეთ.
ჩვენ მართალია ბევრი რაღაც გვყოფს, მაგრამ ერთ-ერთი რაც გვაერთიანებს ეს არის ევროპული მომავალი, რომელსაც ემხრობა საქართველოს მოსახლეობის 80% და რომელიც დღეს საფრთხის წინაშე დგას.
„ქართული ოცნება“ გვართმევს ამ ევროპულ მომავალს.
„ფორტუნას“ კითხვაზე, რომელ პარტიებთან მიდის კონსულტაციები და ვისთან გამორიცხავს „სტრატეგია აღმაშენებელი“ თანამშრომლობას, სერგო ჩიხლაძემ განმარტა:
მთავარი კრიტერიუმი არის რამდენიმე საკითხი:
გამოკვეთილად უნდა იყოს პროევროპული პარტია, გამოკვეთილად პრორუსულ პარტიასთან, ალტ ინფოსთან, ან პარლამენტში ინჯიების ჯგუფთან და ა.შ ნუ გამორიცხულია ხო ამის გაკეთება.
ასევე უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ სახელმწიფო მიტაცებულია პრორუსი ოლიგარქის მიერ და სახელმწიფო არის დასახსნელი.
მესამე, ასევე უნდა ვთანხმდებოდეთ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც გზად გვეღობება ევროპისკენ არის სასწრაფოდ გასაშვები ხელისუფლებიდან.
ამ საკითხების გარშემო თუ ვთანხმდებით და მზად ვართ ყველამ ჩვენ ჩვენი წილი შევიტანოთ ამ საქმეში, ეს არის ის განმსაზღვრელი კრიტერიუმები, რომლითაც კარი ღიაა.
პირდაპირ გეტყვით, რომ არის ლაპარაკი პარტია „ლელოსთან“, ასევე იყო საუბარი “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათაც ალბათ თავისი შიდა საკითხები აქვთ მოსაგვარებელი.
ეს პროცესი კარგია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, თუმცა, გასაგებია, რომ გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო შესაძლებელია გაიწელოს.
ყოველ შემთხვევაში ის 3 პარტია, რომლებიც ჩამოვყალიბდით ერთობლივ ქმედებებზე, ჩვენ ამას დავიწყებთ და თქვენ ამას ყოველდღიურად, ყოველკვირეულად ნახავთ.
მე ვფიქრობ, რომ, საბოლოო ჯამში, ყველა პროევროპული პარტია ერთ მხარეს აღმოვჩნდებით, იმიტომ, რომ დღეს დგას საკითხი, როგორც რეფერენდუმზე. როგორც თეთრი და შავი, რუსეთი თუ ევროპა.
სერგო ჩიხლაძე რადიო “ფორტუნას” ეთერში ასევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ 3 პარტიის გაერთიანებით არაფერი არ შეიცვლება.
“თუ არაფერი შეიცვლება რატომ ღელავს ბატონი კახიანი და დღეში 900 სიუჟეტს რატომ გვიძღვნიან იმედზე თუ პოსტ ტვ-ზე? ყველა თავიანთ გამოსვლას რატომ იწყებენ ამით?
ნუ მაგრამ გასაგებია „ქართული ოცნების“ რიტორიკა, აღარ გავიმეორებ რატომ ხდება.საქმე გვაქვს პრორუსულ ძალასთან, პრორუსულ მთავრობასთან. შესაბამისად, ყველა მათი ქმედება არის აქედან გამომდინარე.
რა შეიცვლება გაერთიანებით? ერთადერთი გამოსავალი ეს არის ერთიანობა, ერთობა, ის რომ აი ამ ერთობით და თეთრი-შავის პრინციპით დავამარცხოთ ქართული ოცნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში თუ ჩვენ დავიწყებთ ისევ ამ ვითარებაში იმას, რომ ჩემი 3% გავზარდო, ვიღაცამ 2% – 2,5%-მდე გაზარდოს და ა.შ ვერ დადგება ის შედეგი, რაც არის “ქართული ოცნების” დამარცხება.
მე ვფიქრობ, რომ ეს ერთობის ჩანასახები, რომლებიც გაჩნდა ამ 3 პარტიის სახით, ეს იქნება მოტივაცია ბევრი ადამიანისთვის და მოსახლეობის დაკვეთაც ესაა. დაკვეთა არის ერთიანობა, ერთობა ამ ბრძოლაში. ჩვენ ვასრულებთ ამ დაკვეთას და დარწმუნებული ვარ ბევრი ჩვენი კოლეგა, მოგვბაძავს,” – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.