LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ არ ვარჯიშობთ, ამას მოწევაზე და გულის დაავადებებზე მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია – CNN ახალ კვლევაზე

470

ყველას გაგვიგია, რომ ვარჯიში სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ახალი კვლევები კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადგინა, რომ უმოძრაო ცხოვრების წესი, ჯანმრთელობისთვის იმაზე უარესია, ვიდრე მოწევა, დიაბეტი და გულის დაავადებები.

ექიმი-კარდიოლოგი, ვილ ჯაბერი, რომელიც კვლევის ავტორია, აცხადებს, რომ შედეგები ძალიან მოულოდნელი იყო.

„სარბენი ბილიკის ან ფიზიკური დატვირთვის ტესტის ცუდი შედეგები, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე გულის დაავდადებები, დიაბეტი და თამბაქოს რეგულარული მოხმარება,“ – აცხადებს ვილ ჯაბერი.

მისი განცხადებით, უმოძრაო ცხოვრების წესი უნდა განიხილებოდეს, როგორც დაავადება, რომელსაც აქვს დანიშნულება, სახელად ვარჯიში.

ექიმი ჯაბერის თქმით, კვლევის კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა იყო, რომ აერობიკის დადებით შედეგებს ლიმიტი არ აქვს. მეცნიერები გამოთქვამდნენ ეჭვს, რომ ზედმეტი ვარჯიში შესაძლოა, სიკვდილის გამომწვევი ყოფილიყო, მაგრამ ახალი კვლევა ამ მოსაზრებას უარყოფს.

„არ არსებობს ვარჯიშის ან ფიტნესის რაღაც ზედა ზღვარი, რომლის იქითაც, მას ზიანის მოყენება შეუძლია. კვლევა გვაჩვენებს, რომ ზედმეტი ვარჯიში, როგორც სიკვდილის გამომწვევი მიზეზი, იშვიათია,“ – აცხადებს ექიმი.

კვლევას ჟურნალ JAMA Network Open-ზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

„კარდიოვასკულარული (გულ-სისხლძარღვთა) დაავადებები და დიაბეტი აშშ-ში ყველაზე „ძვირადღირებულ“ დაავადებად განიხილება. ყოველწლიურად 200 მილიარდ დოლარს ვხარჯავთ ამ დაავადებების და მათი გართულებების აღსაკვეთად.

იმის ნაცვლად, რომ გადაიხადონ უზარმაზარი თანხები, პაციენტებს უნდა ვურჩიოთ, რომ ყოველდღიურად ფიზიკური აქტივობები შეასრულონ,“ – ამბობს ექიმი იორდან მეტლი, სპორტული მედიცინის ექიმი სპეციალურ ქირურგიულ საავადმყოფოში და წიგნის “ვარჯიშით განკურნება” ავტორი.

მისივე თქმით, ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ პაციენტებს ვარჯიშის არ უნდა ეშინოდეთ.

ექიმი ჯაბერი ამბობს, რომ ვარჯიშის სარგებლიანობა ერთნაირად დამტკიცდა მამაკაცებში და ქალებშიც, მათი ასაკის მიუხედავად.

„ოდნავ უფრო უკეთესი შედეგია ქალებში, თუმცა 40 წლის ხართ თუ 80-ის, თქვენ ვარჯიშით, ერთნაირ სარგებელს მიიღებთ,“ – განმარტავს კვლევის ავტორი.

მანვე აღნიშნა, რომ ხალხი, რომელთა ფიზიკური აქტივობის დონე მინიმალურია, ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე ადამიანები, რომლებიც თირკმელების უკმარისობით დიალეზზე არიან.

კვლევის სანდოობაზე საუბრისას, ექიმი ჯაბერი აღნიშნავს, რომ ვარჯიშსა და ფიზიკური მომზადების დონეს, მკვლევარები თავად აკვირდებოდნენ.

„აქამდე ჩატარებული ცდებისას, იყენებდნენ პაციენტების მოყოლილს (გამოკითხვას) მათი ვარჯიშის შესახებ, ახლა ყველაფერს თავად ვაკვირდებოდით, “ – განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ზუსტად შეუძლია თქვას, ცხოვრების აქტიური წესით დაკავებული ადამიანების სიკვდილიანობის რისკის მაჩვენებელი, 500%-ით დაბალია, ვიდრე უმოძრაო ცხოვრების წესის მქონე ხალხის.

ასევე, დიდი განსხვავებაა მათ შორის, ვინც რეგულარულად ვარჯიშობს და ვინც იშვიათადს. რეგულარულად „მოვარჯიშეების“ სიკვდილიანობის რისკი, მათთან შედარებით, 390%-ითაა შემცირებული.

კარდიოლოგი ლენოქს ჰილის ჰოსპიტალიდან, საჯიჯი ბუსრი, კვლევაში ჩართული არ იყო, თუმცა მისი გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ ეს შედეგები უბრალოდ აძლიერებს იმას, რაც ყველამ ისედაც კარგად იცის.

„ჩვენ ყველა პაციენტს ვურჩევთ ფეხით გადაადგილებას, სირბილს, ვარჯიშს. უბრალოდ უნდა ავდგეთ და გავმოძრავდეთ,“ – აცხადებს კარდიოლოგი.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერები 122,007 პაციენტს აკვირდებოდნენ, რომლებმაც კლეველენდის კლინიკაში 1991 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრამდე ფიზიკური დატვირთვის ტესტი გაიარეს, რათა გაეზომათ ყველა მიზეზი, რომელიც სიკვდილიანობას უკავშირდებოდა და რომელიც ვარჯიშის სარგებელს დაადგენდა. ამ მხრივ დაბალი შედეგები პაციენტების 12%-ს ჰქონდა.

ასე რომ, იმოძრავეთ…

 

CNN-ის მიხედვით 

მოამზადა თამთა უთურგაშვილმა