თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ ჰიუნდაი“ სეზონს განახლებული შემადგენლობითა და ახალი მიზნებით იწყებს. კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დახმარებით თსუ საკალათბურთო გუნდს სამი ლეგიონერი შეემატა ამერიკის სტუდენტური საკალათბურთო ლიგიდან. თსუ-სა და გუნდის გენერალურ სპონსორს „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორმა დავით გიორგობიანმა.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა უნივერსიტეტის საკალათბურთო ცხოვრებაში, გაერთიანდა ორი გუნდი, ეს არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კალათბურთის გუნდი და ჰიუნდაის გუნდი.
“ჩვენ გვგონია, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. გუნდს სამი ლეგიონერი დაემატა აშშ-ის სტუდენტური ასოციაციიდან, ასე რომ, ძალიან დიდი და კარგი პერსპექტივები ჩანს. ზოგადად, ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ აქტივობას, რომელიც გამიზნულია ჯანსაღი ცხოვრების წესის და სპორტის პოპულარიზაციისკენ“, – აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ დირექტორის დავით გიორგობიანის ინფორმაციით, კომპანია „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ძალიან აქტიურადაა ჩაბმული საკალათბურთო ცხოვრებაში.
„გვაქვს სპორტული სკოლა, ვმონაწილეობთ ყველა ასაკობრივ ჩემპიონატში წლების განმავლობაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ჩვენთვის ახალი პერსპექტივაა და ვფიქრობ, ძალიან წარმატებული იქნება ეს თანამშრომლობა“, – განცხადა დავით გიორგობიანმა.
ხელშეკრულება მხარეებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, კალათბურთის განვითარებაში დახმარებას, სპორტულ მენეჯმენტში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას ითვალისწინებს. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები ითანამშრომლებენ კლუბის განვითარებისათვის და მისი წარმატებულად გამოსვლისათვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გამართულ ეროვნულ ჩემპიონატებში.
„მოხარული ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელი ვარ, რომელიც ნამდვილად ძალიან კარგი გუნდია. ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ ვიმუშაოთ ძალიან ბევრი და გავიმარჯვოთ “ა” ლიგაში. ვფიქრობ, ჩვენ გუნდს ამის დიდი შანსი აქვს“, – აღნიშნა თსუ საკალათბურთო გუნდის წევრმა, ამერიკელმა ლეგიონერმა კრისტოფერ ანდერსონმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი 1924 წლიდან არსებობს. სხვადასხვა დროს გუნდში თამაშობდნენ ნოდარ ჯორჯიკია, მიხეილ კეკელიძე, სულიკო თორთლაძე და სხვები. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უნივერსიტეტის ვაჟთა საკალათბურთო გუნდი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2014 წლამდე უწყვეტად ასპარეზობდა. თსუ საკალათბურთო გუნდი ეროვნული ჩემპიონატის სუპერლიგის ორგზის (2010 წ, 2011 წ.) მეორეადგილოსანი, ხოლო 2011 წელს ქორქია-საკანდელიძის მემორიალური თასის გამარჯვებულია.
2014 წლიდან დღემდე გუნდი ეროვნული ჩემპიონატის „ა“ ლიგაში ასპარეზობს და სეზონის ბოლოსთვის უმაღლეს ლიგაში გადასვლას გეგმავს. გუნდის 9 წევრი საქართველოს 20 წლამდელთა ნაკრებში თამაშობს.