მე არ ვიყავი 2008 წელს ბუშის ადმინისტრაციის წევრი, თუმცა ვეთანხმებოდი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი. ევროპელების ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ ეს გეგმა ჩააგდეს. ამის შედეგია ყირიმის ანექსია და დონბასში მიმდინარე კონფლიქტი, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა უკრაინულ გამოცემა Європейська правда-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაშია, ნატოში კი არასდროს იღებენ ქვეყნებს, რომლებიც აქტიურ საომარ ქმედებებს აწარმოებენ. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა და ევროპელები, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ არ სურთ უკრაინის წევრობის კანდიდატად ხილვაც კი. ჩემი აზრით, უკრაინა განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფება და ამიტომ უფრო კრეატიულები უნდა ვიყოთ, რათა ეს კრიზისი გადავლახოთ. არ უნდა ვთქვათ უარი უკრაინის ნატოში მიღებაზე.
ეს აუცილებელია, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ არ ვეთანხმებით იმას, რაც მან უკრაინაში გააკეთა. სანამ კრემლი ჩვენს სისუსტეს დაინახავს, ის შეეცდება, ამით ისარგებლოს. ამიტომ უნდა შევცვალოთ ტრამპისა და ობამას დროს არსებული დამოკიდებულება, რომ აშშ არ ეთანხმება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.