LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვეს, რომ იარაღის დემონსტრირებას ვახდენ” – რატომ დადის შაშკინი ბოლნისში შეიარაღებული

108
dim shashkin

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი „ფორტუნასთან“ საუბარში აცხადებს, რომ მას აქვს საფრთხის განცდა და ამიტომ გადაადგილდებოდა ბოლნისში იარაღით.

მისი თქმით, იარაღის ტარების უფლება აქვს და ყველგან ატარებს.

ვრცელდება ფოტო, რომელზეც სავარაუდოდ ბოლნისში მყოფი შეიარაღებული დიმიტრი შაშკინი ჩანს

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო ნამდვილად დღეს არის გადაღებული. მაქვს უფლება შსს-სგან მინიჭებული, რომ ვატარო ჩემი პირადი იარაღი და ყოველთვის ვატარებ. მე ვარ კანდიდატი და არ მაქვს უფლება დამკვირვებლის სტატუსით საარჩევნო უბანზე შესვლის უფლება. ხელში მიჭირავს ტელეფონი. ზოგმა ფეიკნიუსი დაწერა, რომ მე დემონსტრირებას ვახდენ იარაღის.

მე ტელეფონი მიჭირავს ხელში და ვჯდები მანქანაში. ბოლნისში ჩვენს აქტივისტებს ესვრიან და სცემენ, მაქვს უფლება, რომ იარაღი საკუთარი თავდაცვისთვის ვატარო.  ამ რაიონში თარეშობს გოგი მეშველიანის ბანდა”, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

მანვე განმარტა, რომ საკუთარი არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია, რადგან ბოლნისშია. თუმცა, ამბობს, რომ დღის ბოლომდე ჩამოვა თბილისში და საკუთარ არჩევანს აუცილებლად დააფიქსირებს.

შეგახსენებთ, გუშინ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პროვოკაციებს გეგმავს. მისი თქმით, პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე, დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე.

კობახიძის ინფორმაციით, მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები