საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
კომიტეტის სხდომა ცოტა ხნის წინ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.
რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს – კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.
სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამ მოთხოვნას მოჰყვა – კენჭისყრაზე დაეყენებინათ ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა გაემართათ.
როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატების გამო მათ პლენარულ სხდომაზე დააგვიანდათ, ამ წინადადებას კი სამხარაძის რეპლიკა მოჰყვა:
“ჩვენს გამო გაგვიანდებათ? თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს. სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია”, – განაცხადა სამხარაძემ.