იმ მოძალადე, კრიმინალური დაჯგუფების უკან, რომელიც რუსთაველზე შეკრებილ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა, ხელისუფლება იყო ამოფარებული, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმცირესობის დეპუტატმა სერგო რატიანმა გააკეთა.
რატიანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს მიმართა, რომ მზარდი კრიმინალი, მათ შორის მზარდი ნარკოდანაშაული, ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია, რადგან, მისი შეფასებით, მათ კრიმინალი მოკავშირედ გაიხადეს.
“კრიმინალურ მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნებზე. ახლა სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს – იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი და არ დაუკრავენ 31-ჯერ ტაშს ბიძინა ივანიშვილს. ეს ის ახალგაზრდები არიან, რომელთაც არ მიუციათ ქრთამი პოლიციისთვის და არ ენატრებათ 27 ლარად მოსკოვში გადაფრენა. თქვენ მათ ის მოძალადე ჯგუფები დაუპირისპირეთ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში, პატრიოტებს ეძახით. თქვენ იდენტობა სწორედ ასეთი კრიმინალური ჯგუფების მიმართ გაქვთ. ეს ყველაფერი თქვენი სრული კრახით დასრულდება. თქვენ ეს ახალგაზრდები გადაგიყოლებენ – ეს ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან,“ – მიმართა “ქართულ ოცნებას“ სერგო რატიანმა.