კონსალტინგური კომპანიის Focus2Move-ს მონაცემებით, 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი ქროსოვერების რეიტინგი შედგა. პირველობა იაპონურმა ყველგანმავლმა Toyota RAV4-მა მოიპოვა – ავტომობილი გასულ წელს 807,4 ათასიანი ტირაჟით გაიყიდა. კომპანიამ წინა წლის შედეგს 11%-ით გადააჭარბა. მეორე ადგილი ყველგანმავალმა Honda CR-V-მ დაიკავა, მისი გაყიდვები 0,4%-ით შემცირდა და 748 000 გაყიდულ ავტომობილს შეადგენს. ლიდერთა სამეულს Volkswagen Tiguan ასრულებს, რომელმაც 703 000 ქროსოვერი გაყიდა. გერმანულმა კონცერნმა გაყიდვები 2017 წელს 35%-მდე გაზარდა.
მეოთხე ადგილი რეიტინგში 620 000 გაყიდული ავტომობილით სამხრეთ კორეულმა Hyundai Tucson-მა დაიკავა. ეს კი 2016 წელთან შედარებით 3,8%-ით ნაკლებია.
Haval H6 მეხუთე პოზიციაზე განთავსდა, გასულ წელს აღნიშნული მოდელი 531 000-იანი ტირაჟით გასხვისდა.
მეექვსე პოზიცია იაპონურმა Nissan Qashqai-მ დაიკავა. კომპანიამ თითქმის 499 000 მოდელის გაყიდვა შეძლო და 2016 წლის შედეგი 10%-ით გააუმჯობესა
.
ტოპ ათეულში Nissan-ის მოდელებმა კიდევ ორი ხაზი დაიკავეს – Nissan Rogue 450 000-იანი ტირაჟით და X-Trail 426 000 ერთეულით.
მეცხრე პოზიციაზე გაყიდული 425 000 ქროსოვერით KIA Sportage განთავსდა, ლიდერთა ათეულს კი Мazda CX-5 ასრულებს. აღნიშნული მოდელი გასულ წელს მსოფლიოში 408 000 ერთეული გაიყიდა
.
მომდევნო ხუთი პოზიცია შემდეგმა მოდელებმა დაიკავეს: Ford Escape, Chevrolet Equinox, Toyota Highlander, Honda HR-V და ჩინური GAC Trumpchi GS4.