LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორპედო ევროპაში ყველაზე მეტს შოულობს: პირველი მატჩები სახლში გვაქვს

67

ქართული გუნდებიდან ევროთასებზე გამოსვლისთვის ყველაზე მეტს ქუთაისის „ტორპედო“ აიღებს.
მოგეხსენებათ, ოთხი გუნდიდან ორი გათამაშებას გამოეთიშა – ევროპის ლიგაზე თბილისის „დინამო“ სლოვაკურ „დუნაისკა სტრედასთან“ დამარცხდა (1:1, 1:2), ხოლო „სამტრედია“ – ყაზახურ „ტობოლთან“ (0:1, 0:2). ორივე მათგანი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობისთვის 240 ათას ევროს (დააახლოებით, 684 ათას ლარს) მიიღებს.
მომდევნო ეტაპზე გავიდა საჩხერის „ჩიხურა“, რომელმაც იერუსალიმის „ბეითარ ტრამპს“ ორი მატჩის ჯამში (0:0, 2:1) მოულოდნელად დაამარცხა და 240 ათას ევროსთან ერთად დამატებით მეორე ეტაპზე გასვლისთვის 260 ათასი ევრო გამოიმუშავა, ანუ ჯამში 500 ათასი ევრო (დაახლოებით, 1 425 000 ლარი).
ყველაზე მეთ თანხას კი ქუთაისის „ტორპედო“ მიიღებს, რადგან უეფა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მოლდოვურ „შერიფთან“ (2:1, 0:3) თამაშისთვის 280 ათას ევროს (789 ათასი ლარი) დაურიცხავს. გუნდი გათამაშებას გამოეთიშა, მაგრამ ახალი ფორმატით, ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვება, სადაც დამატებით 260 ათას ევროს მიიღებს. ანუ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს 540 ათასი ევრო (1 539 000 ლარი) გარანტირებული აქვს.

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედოს“ ქუთაისში თამაშის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. თუმცა გადაწყდა, რომ საქართველოს ჩემპიონი ფარერების „ვიკინგურს“ 26 ივლისს შინ დაუპირისპირდება. მაგრამ ზოგადად ქუთაისის სტადიონის ლიცენზირებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ამის გამო, ტირასპოლის „შერიფთან“ საშინაო მატჩამდე ქუთაისში უეფამ თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა და თანხმობაც მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა.

მოკლედ, „ვიკინგურთან“ „ტორპედოელთა“ თამაში ქუთაისში, 26 ივლისს, 20:00 საათზე გაიმართება. განმეორებითი მატჩი 2 აგვისტოს კუნძულ ესტუროიზე მდებარე სოფელ ნორორაგოტაში გაიმართება.
ქუთაისელთა მეტოქეც თავისი ქვეყნის ჩემპიონია და ლიგის გათამაშებიდან ფინეთის „ჰიკმა“ გამოაგდო: ფარერელებმა ორივე შეხვედრა წააგეს – შინ 1:2, ხოლო გასვლაზე 1:3 და ევროპის ლიგაზე გადაერთვნენ.

 

 

ბარემ „ჩიხურაზეც“ ვთქვათ.
საჩხერელებიც „მარიბორთან“ პირველ შეხვედრას შინ გამართავენ. სლოვენიურმა გუნდმა პირველ ეტაპზე ალბანური „პარტიზანი“ დაამარცხა: პირველი მატჩი სლოვენიის ნაკრების თავდამსხმელის, გრეგორ ბაიდეს გოლით 1:0 მოიგო, ხოლო განმეორებით შეხვედრაში მეტოქეს 2:0 აჯობა, თავი სლოვენიის ნაკრების ნახევარმცველმა, არმინ დერვიშევიჩმა და ბრაზილიელმა მარკოს ტავარესმა გამოიჩინეს.
„ჩიხურასა“ და „მარიბორის“ დაპირისპირება 26 ივლისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება, ხოლო 2 აგვისტოს – მარიბორში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები