LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტორესა მოსი: ერთი რამე არის ცხადი და ცალსახა, ქართველ ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნება“

65
publika.ge-toresa-mossy

ოპოზიცია უნდა გავიდეს მეორე ტურებში მობილიზებული და უნდა მოიგოს დამაჯერებლად,  – ასე აფასებს მწერალი ტორესა მოსი საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოცემულობას უნდა შეეგუოს.

„ერთი რამე არის ცხადი და ცალსახა: ქართველ ხალხს აღარ უნდა „ქართული ოცნება“.

ეს ხელისუფლება ძალაუფლებას ებღაუჭება მხოლოდ ძალადობის, მოსყიდვის, შანტაჟის, დაშინების, გაყალბების და მანიპულაციის ხარჯზე.

ამ ფონზეც კი ყველა დიდ ქალაქში მეორე ტურია, ჯამურად ოპოზიციას მოსახლეობის მეტი მხარდაჭერა აქვს.

ოპოზიცია უნდა გავიდეს მეორე ტურებში მობილიზებული და უნდა მოიგოს დამაჯერებლად, პარალელურად კი დღის წესრიგში უნდა იდგეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით.

ესაა მოცემულობა და ამ მოცემულობას უნდა შეეგუოს „ქართული ოცნება“. მას არ აქვს საკმარისი ნდობა და მხარდაჭერა იმისათვის რომ ქვეყანას მართავდეს. ეს კი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს მთლიანად ქვეყნისთვის. არავითარი გაქცევა და ხელების ჩამოშვება. პირიქით, ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით ქვეყნის გათავისუფლებისკენ. ამომრჩეველი, რომელმაც იძულების, შანტაჟის, დაშინების შედეგად მისცა ხმა ქართულ ოცნებას, არის მსხვერპლი ამ სისტემის და იმსახურებს თანაგრძნობას. ეს ხალხიც. ჩვენი გასათავისუფლებელია.

სამწუხაროდ, ყველა საზოგადოებაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ პრინციპები და ღირებულებები და ყოველთვის ყველაფერს მოაწერენ ხელს. მარტივი ლუსტრაცია იყო ეს ყველაფერი. ოცნება მთელ ქვეყანაში წარმოდგენილი იყო ასეთი ადამიანებით, რომლებიც თანამშრომლობდნენ უკვე დისკრედიტირებულ ნაციონალურ მოძრაობასთან 9 წლის წინ და დღეს თანამშრომლობენ აბსოლუტურად დისკრედიტირებულ ქართულ ოცნებასთან. ეს ადამიანები არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, ესაა უნამუსო უმცირესობა, რომელიც ხვალ რომ პუტინი ჯარით შემოვიდეს, ოფიციალურ რუსულ საოკუპაციო მთავრობასთანაც ითანამშრომლებს. ყველა ერში მოიძებნებიან ასეთი ღირებულებებებისგან და პრინციპებისგან დაცლილი მთხლეები.

ქართველი ხალხი არის მებრძოლი. ქართველი ხალხი ყოველთვის იმარჯვებდა ასეთ მთხლეებზე. ასეთები ყოველთვის არსებობდნენ და იარსებებენ, მაგრამ ამ ქვეყნის ბედს ისინი ვერ გადაწყვეტენ. ამ ქვეყნის ბედს ყოველთვის წყვეტდნენ ადამიანები, რომლებიც პრინციპულად იბრძოდნენ ბოლომდე. საქართველო დღემდე მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ასეთი ადამიანები იბრძოდნენ და იმარჯვებდნენ მთხლეებსა და მოღალატეებზე. ეს გვაქვს ახლა გასაკეთებელი და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც.

ბეჭდების მბრძანებელში არის ერთი ადგილი, როდესაც მინას ტირითი დაცემის პირასაა, ორკებმა თითქმის მთელი ქალაქი აიღეს. ამ დროს გენდალფი და პიპინი ბოლო სიმაგრის დახურულ კართან დგანან. კარი მალე დაეცემა და ორკები შემოვლენ. პიპინი გენდალფს ეკითხება: ჩვენ მოვკვდებით? გენდალფი პასუხობს: კი, ალბათ მოვკვდებით.

პიპინი ამბობს: ვისურვებდი ახლა, სადმე მშვიდ, უსაფრთხო ადგილას ყოფნას.

გენდალფი კი პასუხობს: ჩვენ არ ვირჩევთ როდის და სად დავიბადებით, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ რომელ მხარეს ვიდგებით, ვიბრძოლებთ თუ დავნებდებით.

ამ ქვეყანაში დაბადება არ ამირჩევია, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ჩემ ხელშია და რაკი ამ დროს და ამ შესანიშნავ ქვეყანაში დავიბადე, ბოლომდე ვიბრძოლებ და გავიმარჯვებ. რა თქმა უნდა, შეიძლება დავმარცხდე კიდეც, მაგრამ განა რა შეიძლება იყოს უფრო მშვენიერი ცხოვრება, ვიდრე შეგრძნება, რომ მე ჩემი ბრძოლით შემიძლია ისტორია შევცვალო. განა სად და რა უფრო მნიშვნელოვანი აზრი შეიძლება ჰქონდეს ჩემ სიცოცხლეს ნებისმიერ სხვა ქვეყანაში?

განა რა აზრს ვიპოვი იქ ასეთ მნიშვნელოვანს? ჰოდა, არც წავალ, არც დავნებდები. ყველა სცენარისთვის მზად ვარ სიკვდილიდან დაწყებული ციხით დამთავრებული. ჩემზე ბევრად უკეთესი ადამიანები წვანან საფლავებში და ჩემზე ბევრად უკეთესი ადამიანები მჯდარან ციხეში წლობით.

ასე რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ვადამდელი არჩევნებისთვის. ეს ქვეყანა ჩვენი გასათავისუფლებელი და ჩვენი ასაშენებელია“. – წერს ტორესა მოსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან – თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები