ტოკიოს მეტროსადგურში Tennozu Isle ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია დაიწყო. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული სადგური წარმოადგენს საგამოფენო ცენტრთან „Terrada Warehouse“ მისასვლელს, სადაც გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება.
სადგური მდებარეობს კუნძულზე და ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა კუნძულს, რაც ზრდის მგზავრთანაკადს აღნიშნულ სადგურში, სადაც დღეში საშუალოდ 50 ათასი ადამიანი გადაადგილდება.
სადგურში განთავსებულია საინფორმაციო-სარეკლამო პოსტერები და საინფორმაციო ბროშურები „საქართველო ღვინის სამშობლო“, სადაც გადმოცემულია მოკლე ინფორმაცია საქართველოსა და ქართული ღვინის კულტურის შესახებ.
პროექტი „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომლის ორგანიზატორები ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“ არიან, ხორციელდება მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის Sony music communication და კომპანია TOPPAN-თან პარტნიორობით. საგამოფენო ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფცია დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე.