„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკომეგობრულობის პრინციპების გატარებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსგავსი მიდგომებით, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში არა მხოლოდ იზიარებს „ტოიოტას“ ფილოსოფიასა და მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.
„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ აღნიშნავენ, რომ ეკომეგობრულობის კონცეფციის დანერგვა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება, რადგან კომპანიის ეფექტიანი მართვა შეუძლებელია თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე. ამ მიზნით კომპანია რეგულარულ ტრენინგებს ატარებს თანამშრომლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში ყურადღება ექცევა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, ცენტრის ტერიტორიაზე გროვდება პლასტმასის ნარჩენები და შესაბამის კომპანიას გადასამუშავდებლად გადაეცემა, მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქართველოში, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო და გარემოსდაცვითი საკითხების მართვის პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების მხრივ კი, უნდა აღინიშნოს, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელახლა მოიხმარს ავტომანქანის გამოყენებულ და ნარჩენ ზეთებს. მათი რეციკლირება ხდება ამერიკული წარმოების გათბობის სისტემაში, რომლის ფუნქციონირებაც მეორად ზეთზეა გათვლილი.
„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს. ავტომწარმოებლის უმთავრესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტი 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, როგორც ახალი თაობის ავტომობილების ექსპლუატაციის, ასევე მთლიანად საწარმოო პროცესში. „ტოიოტას“ ჰიბრიდულძრავიანი მოდელები, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, ავტომწარმოებლის გლობალური გარემოსდაცვითი კონცეფციის ნაწილია. „ტოიოტამ“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ჰიბრიდულძრავიანი სერიული წარმოების მძლავრი ავტომობილების შექმნა და 21-ე საუკუნეშიც პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. დღეს „ტოიოტა“ წარმატებით მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ყველა სამოდელო ხაზი ჰიბრიდებით შეავსოს, რადგან ამ ტიპის ავტომობილები გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს. მართალია, ამ ეტაპზე, საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე არსებობს ნახევარგამტარებთან დაკავშირებული დროებითი შეფერხებები, რაც გლობალური გამოწვევაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა გამოწვევის გადალახვაში „ტოიოტას“ კაიზენური მართვის მიდგომები ეხმარება. სწორედ ამიტომ, კორპორაციაში იმედოვნებენ, რომ ამ გამოწვევასაც მალე დაძლევენ. პარალელურად, ავტომწარმოებელი აქტიურად ქმნის ისეთ ინოვაციურ, უსაფრთხო და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ მოხმარებაზეა დაფუძნებული.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოში ჰიბრიდებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა „ტოიოტას“ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევასა და მისი ცნობიერების ამაღლებაში, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, როგორც ტოიოტას პირველ ოფიციალურ დილერს საქართველოში, სოლიდური წვლილი მიუძღვის. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ უყალიბდება სოციალური პასუხისმგებლობა და გაცილებით მეტს ფიქრობს, თუ როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. მთავარია ისიც, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილს მართავენ, უკვე კმაყოფილებას ანიჭებთ ის გონივრული გადაწყვეტილებები, რომელსაც თვითონ იღებენ, რადგან წინასწარ იციან, რომ თავიანთი ქმედებებით გარემოს ნაკლებად დააზიანებენ. „ტოიოტას“ ფილოსოფიაც სწორედ ასეთ მიდგომებს ეფუძნება: შეუქმნას მომხმარებელს ყველა პირობა, რომ ის მეტად ეკომეგობრული გახდეს, ავტომწარმოებელთან ერთად იტვირთოს სოციალური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში მას პარტნიორობა გაუწიოს.
(R)