დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ჯანდაცვის სექტორი ვითარებას მართავს, თუმცა მოსახლეობას მოუწოდებს, ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში სასაფლაოებზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეს.
მისი თქმით, საპატრიარქოსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა აღდგომის დღესასწაულზე სარიტუალო ღონისძიებები მოკრძალებულად გაიმართოს.
„საპატრიარქოსთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ წინასააღდგომო პერიოდი იყოს უფრო მოკრძალებული, რამდენადაც შესაძლებელია, ანუ ტაძრებში ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები: პირბადე, დისტანცია, არაგადაჭედილი ტაძრები. ახლა ამინდი იძლევა საშუალებას და ჯობია, რადიოფიცირება მოხდეს და გარეთ იდგნენ ადამიანები შესაბამისი დისტანციით, როგორც შარშან გავაკეთეთ.
გასულ წელს ეს ყველაფერი კარგად გაკეთდა და ამიტომაც არ გვქონია არავითარი ეპიდაფეთქება სარიტუალო ღონისძიებებიდან. რაც მთავარია თხოვნაა, რომ ძალიან მოკრძალებულად ვიყოთ ბრწყინვალე შვიდეულის პერიოდში. სასაფლაოზე ოჯახიდან ერთი ან ორი ადამიანი გავიდეთ, სანთელი ავანთოთ“. – განაცხადა გამყრელიძემ.