2016 წლის სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული საგარეო ვაჭრობის დეფიციტი C ჰეპატიტის წამლების იმპორტის (პროგრამული გრანტით ხორციელდება და არ ახდენს გავლენას მიმდინარე ანგარიშზე) გამორიცხვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6 პროცენტით გაუმჯობესდა და 429.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საანგარიშო თვეში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 8.3 პროცენტით გაიზარდა და 201.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო იმპორტი C ჰეპატიტის წამლების გარეშე 1.9 პროცენტით შემცირდა და 630.9 მლნ აშშ დოლარით განისაზღვრა.
2016 წლის სექტემბერში საქონლის რეგისტრირებული იმპორტი 1.9 პროცენტით შემცირდა. იმპორტის შემცირება ძირითადად არაბთა გაერთიანებული ემირატებთან იმპორტის კლებას უკავშირდება. ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან ჩინეთთან და თურქეთთან განხორციელებული იმპორტი შემცირებული, ხოლო ნიდერლანდების, გერმანიის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებიდან გაზრდილია.
2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ძირითადი იმპორტიორი ქვეყენებია (c ჰეპატიტის იმპორტის გარეშე): თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, უკრაინა, გერმანია, აზერბაიჯანი და ნიდერლანდები. ჯამურად სავაჭრო პარტნიორების იმპორტი მთლიანი იმპორტის 56 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით იმპორტის დივერსიფიკაცია ქვეყნების მიხედვით თითქმის არ შეცვლილა.
ჩინეთთან განხორციელებულმა ექსპორტის მატებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ზრდაში, რაც ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის ზრდას უკავშირდება. გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, კერძოდ ბულგარეთიდან, გერმანიიდან და რუმინეთიდან მიღებული საექსპორტო შემოსავლები. ბულგარეთის შემთხვევაში ზრდა სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების რეექსპორტის, გერმანიასთან – კაკლის, ხოლო რუმინეთთან ნედლი ნავთობის გაყიდვების მატებამ გამოიწვია. თუმცა ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან აზერბაიჯანთან, თურქეთთან და სომხეთთან ექსპორტი შემცირებულია.
2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, რუმინეთი, გერმანია, რუსეთი, და სომხეთი. ჯამურად ძირითადი საექსპორტო პარტნიორების წილი მთლიან ექსპორტში 57 პროცენტს შეადგენს. წინა წელთან შედარებით ქვეყნების მიხედვით დივერსიფიკაცია გაუარესებულია.
2016 წლის სექტემბერში ექსპორტირებული საქონლის 18.6 პროცენტს სპილენძის მადნები და კონცენტრატები წარმოადგენს, რომლის რეექსპორტიც წლიურად 172.9 პროცენტით არის გაზრდილი.
ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კაკალზე (თხილი), ნედლ ნავთობსა და მაგარ სპირტიან სასმელებზე საგარეო მოთხოვნის მატებამ. აღსანიშნავია, ასევე დაუმუშავებელი ოქროსა და მინერალური წყლების ექსპორტის ზრდა. საპირისპიროდ, შემცირებულია სამკურნალო საშუალებების, ღვინისა და ფეროშენადნობების ექსპორტის მოცულობა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქონლის მიხედვით დივერსიფიკაცია გაუარესებულია.