LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თხილის ექსპორტიორები თხილის ტექნიკურ რეგლამენტსა და საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ

96

თხილის წარმოების ზრდისა და მაღალხარისხიანი პროდუქციის ხელშეწყობის საკითხზე თხილის დარგის განვითარების ფორუმზე იმსჯელეს. თხილის ექსპორტიორებს ფორუმის ორგანიზატორებმა თხილის ტექნიკური რეგლამენტი და საერთაშორისო სტანდარტები გააცნეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილის განცხადებით, თხილის რეგლამენტი ძალაში 1 ივნისიდან შედის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ექსპორტიორებმა რეგლამენტი კარგად იცოდნენ.

”ეს დოკუმენტი ხელს შეუწყობს მათი ბიზნესის განვითარებას და საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობების გაზდას. თხილი წამყვანი საექსპორტო დარგია სოფლის მეურნეობაში და ჩვენ მას ყველა მიმართულებით ვეხმარებით. რეგლამენტით ვაწესებთ იმ ზღვრებს, რომლებსაც საექსპორტო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს”, – განაცხადა გალეგაშვილმა.

”ოქსფამის” წარმომადგენლობა საქართველოში მიიჩნევს, რომ თხილის ბიზნესს განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის ორი ფაქტორი სჭირდება: ხარისხი და მოსავლიანობის მაქსიმალური ზრდა.

”ოქსფამის” ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერი ლევან დადიანის განმარტებით, ეს ორი ფაქტორი ქართული თხილის სათანადო წვდომას განაპირობებს მაღალი ღირებულების ბაზრებზე.

”საქართველომ უნდა უპასუხოს იმ მოთხოვნებს, ხარისხთან დაკავშირებით, რაც ევროკავშირის ბაზრებს გააჩნიათ. ამისთვის საჭიროა, ძალიან დიდი, კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება ყველას მხრიდან, ვინც ამ დარგთან არის დაკავშირებული. ეს შესაბამის ტექნოლოგიებს უკავშირდება, რაც მოსავლიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. ეს ეხება ჯიშობრივ გაუმჯობესებას, ნიადაგის ნაყოფიერების ზრდას, წარმოების პროცესებს მოსავლის აღებიდან რეალიზაციამდე”, – განაცხადა ლევან დადიანმა.

თხილის დარგის განვითარების მესამე ფორუმი ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით, დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია ”ოქსფამის” და ევროკავშირის დაფინანსებით გაიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები