“ჩემი თითოეული თეთრი, ჩემი შემოსავალი მითითებულია დეკლარაციაში”,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ ჟურნალისტებს არასამათვრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ანგარიშთან დაკავშირებით განუცხადა.
“არც ერთ სამეწარმეო საქმიანობას არ ვეწევი მას შემდეგ, რაც თბილისის საკრებულოში, თანამდებობაზე ვიმყოფები“,-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველოს” ანგარიშის თანახმად, საკრებულოს 24 თანამდებობის პირიდან 10 თანამდებობის პირს აქვს კავშირი ბიზნესთან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პრობლემურია საკრებულოს თანამდებობის პირების მიერ არადეკლარირებული ბიზნეს წილები, რაც დეკლარაციის არასწორად შევსების შემთხვევას წარმოადგენს და შესაძლოა, დაჯარიმებას დაექვემდებაროს. ანგარიშში ნათქვამია, რომ წილების საკუთრება არ აქვს დეკლარირებული საკრებულოს 5 თანამდებობის პირს: გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება – მრეწველები), გიორგი ახვლედიანი (ფრაქცია თბილისელები), გიორგი მუსხელიშვილი (ფრაქცია თბილისელები), ლია ჯახველაძე (თბილისელები), გულიკო ზუმბაძე.