შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლარსის საზღვართან არსებულ ვითარებას აფასებს.
ალექსანდრე დარახველიძე სიტუაციას არაორდინარულს უწოდებს და ბოლო დღეებში საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების გაზრდილ რიცხვზე საუბრობს.
„ლარსის გამშვებ პუნქტზე ნაკადები გაზრდილია, თუ ვთქვათ, სტანდარტულად, დღის განმავლობაში, შემომსვლელი იყო რუსეთის 5-6 ათასი მოქალაქე, ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ ადამიანების რაოდენობა 40-45 პროცენტით გაიზარდა. შსს ყველაფერს აკეთებს, რაც კანონით არის განსაზღვრული, კერძოდ, ხდება თითოეული მოქალაქის შესწავლა, თუ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ხდება მათი საზღვარზე არდაშვება და უარის თქმა.
ყველა საჭირო ღონისძიება ხორციელდება, მაქსიმალურად ვაკონტროლებთ იქ არსებულ სიტუაციას, ლარსის პუნქტზე დამატებით ძალებია გადაგზავნილი .
რა თქმა უნდა, ვთანხმდებით, რომ ახლა არაორდინარული სიტუაციაა, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებამ გამოიწვია ნაკადების ზრდა არა მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, მაგრამ არსებული რესურსებით ვუმკლავდებით, თითოეული პირის შესწავლა ხდება და სადაც საფრთხეები არსებობს, იმ ადამიანების მიმართ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა დარახველიძემ.
შს მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, თუ რატომ არ მიეცათ პარტია „დროას“ და სამოქალაქო აქტივისტებს ადგილზე აქციის ჩატარების შესაძლებლობა.
როგორც დარახველიძე აღნიშნავს, ასეთ დროს აქციების ჩატარება პოლიციისთვის დამატებითი გამოწვევაა.
„ნებისმიერ შეკრებაზე, მანიფესტაციაზე და სხვა ტიპის აქტივობებზე, საჭიროა დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეკრებისა და გამოხატვის ფარგლებს არ გასცდნენ. ბუნებრივია, შსს ყველა საჭირო ზომას მიიღებს იმისათვის, რომ ყველა პირის უსაფრთხოება დაცული იყოს. რა თქმა უნდა, ასეთ დროს აქციების ჩატარება პოლიციისთვის დამატებითი გამოწვევაა, თუმცა ჩვენ კანონით დადგენილ ყველა ზომას მივიღებთ, რომ შეკრების ყველა მონაწილის უფლება დაცული იყოს“, – აღნიშნა დარახველიძემ.
შეგახსენებთ, ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან პარტია „დროას“ წარმომადგენლებს და სამოქალაქო აქტივისტებს სამართალდამცველებმა აქციის ჩატარების უფლება არ მისცეს და განუმარტეს, რომ ისინი აქციის ჩატარებას საზღვრიდან 5 კილომეტრის მოშორებით აძლევენ.