უკვე 28 წელია, თბილისში, პარლამენტთან მიდიან პოლიტიკოსები განცხადებებით გმირებზე, მიდიან მშობლები სანთლებით – შვილებთან , მიდიან 9 აპრილის მონაწილეები ტიტებით – მეგობრებთან , მიდიან იმიტომ, რომ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დადგმული ქვის მონუმენტის უკან 21 ადამიანის ტრაგედია და საქართველოს დამოუკიდებლობა დგას.
გმირი ბევრია, რეალობა ერთი – ვიზალიბერალიზაციის, ევროპასთან და ნატოსთან დაახლოების, დემოკრატიული ინსტიტუტების და ქვეყნის განვითრების საფუძველი 16 წლის ეკა , 25 წლის ნინო , 22 წლის მამუკა და სასტიკად დარბეული ათასობით მშვიდობიანი მომიტინგეა.
სწორედ 9 აპრილის მშვიდობიანი აქცია გახდა ის გარდამტეხი წერტილი,საბჭოთა საქართველო დამოუკიდებელ საქართველოდ რომ აქცია.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ტრაგედიის და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ ჩაიწერა.
ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა არ მიიღეს პატრიარქის თხოვნა ქაშუეთის ტაძარში გადაენაცვლათ და თავიდან აეცილებინათ საფრთხე. ირაკლი წერეთელი იყო ერთ-ერთი ლიდერი, ვინც პატრიარქის შეპასუხება გაბედა და მომიტინგეებთან ერთად ლოცვა არა ეკლესიაში, არამედ მიტინგზევე წაიკითხა. სწორედ ის წამი ახსენდება ყველაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ წამად :
” პატრიარქის გამოსვლის შემდეგ რამდენიმეწუთიანი დუმილი ჩამოწვა , მე ვიყავი ვინც ეს დუმილი დააღვია”.
დღეს ამბობს, რომ მიუხედავად მძიმე მსხვერპლისა, გადაწყვეტილებას არ ნანობს, რადგან მსხვერპლი საქართველოს დიდ გამარჯვებად დაუბრუნდა
”ერთი ქართველის სიკვდილიც კი ტრაგედიაა, თუმცა თავისუფლებისთვის ბროძოლაზე უარს ვერ ვიტყოდით. რომ არა 9 აპრილი, არ იქნებოდა საქართველო დამოუკიდებელი, მთელი ქართველი ერი , მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო დადგა დამოუკიდებლობის მხარდასაჭერად.” -ამბობს 28 წლის შემდეგ 9 აპრილის ერთ -ერთი ორგანიზატორი ირაკლი წერეთელი.
საპროტესტო აქციებს პირველივე დღეებიდან შეუერთდა მოზარდი მელომანი, 16 წლის რეზო კაკაურიძე. უკეთესი განათლება, მისთვის საყვარელი მუსიკის თავისუფლად მოსმენა, მეტი პიროვნული თავისუფლება – ეს მიზეზი აერთიანებდა რეზოს და მის კლასელებს აპრილის აქციებზე.
„ვაცდენდით გაკვეთილებს, მივდიოდით ყოველდღე აქციაზე და ვისმენდით საქართველოს გაუყალბებელ ისტორიას,“- ამბობს რეზო.
მძიმე ტექნიკა მშვიდობიანი მომიტინგეების ირგვლივ 9 აპრილის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე განლაგდა. მიუხედავად ამისა, როგორც რეზო იხსენებს, მომიტინგეებში არანაირი საფრთხის შეგრძნება არ გაჩენილა.
„ყველაფერი ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, იმ საღამოს პატრიარქი მოვიდა, ყველამ ერთად ვილოცეთ. რაღაც პერიოდის შემდეგ კი, ყველასთვის მოულოდნელად, ტანკები ამუშავდა და ნელ-ნელა მომიტინგეებისთვის დაიძრნენ. მე აქციის განაპირას ვიდექი და თავს გაქცევით ვუშველე. ამის მიუხედავად, სახლში მისულს არც მიფიქრია, რომაქცია დაარბიეს. ვფიქრობდი, უბრალოდ დაშალეს და სულ ეს იყო. ტრაგედიის შესახებ მხოლოდ მეორე დღეს გავიგე,“ – იხსენებს რეზო კაკაურიძე.
ამ ყველაფრის შემდეგ მეგობრები რუსთაველის გამზირზე კვლავ მიდიოდნენ და პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილებს. რეზო ამბობს, რომ მომწამვლელი გაზის გავლენა მომდევნო დღეებშიც იგრძნობოდა, მისი მტკიცებით, სწორედ მაშინ დაავადდა მისი კლასელი გოგონა ლეიკემიით.
მსხვერპლის და ტრაგედიის მიუხედავად, თავისუფლება მოვიდა. რეზო დღეს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შექმნილ მუსიკას უპრობლემოდ მოიპოვებს, მისი შვილი კი „რკინის ფარდის“ შესახებ მხოლოდ ისტორიის წიგნში წაიკითხავს და ევროპაში უვიზოდ გაფრინდება.
ეს ყველაფერი კი იმ ათასობით მშვიდობიანი მომიტინგის დამსახურებაა, შიშველი ხელებით და ხის ჯოხებით რომ „ებრძოდა“ რუსულ ჯარს 9 აპრილს.
დღეს 1989 წლის 9 აპრილიდან 28 წელი გავიდა.
თამუნა გოგუაძე