ქალი, რომელიც მუდმივად მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა – ეს 82 წლის ამერიკელი პოლიტიკოსი ნენსი პელოსია და როგორც საერთაშორისო მედია წერს, იგი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მაღალი რანგის მქონე ქალი პოლიტიკოსია.
პელოსის პირადი პოლიტიკური ბიოგრაფია არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო ფაქტს მოიცავს და როგორც უცხოურ პუბლიკაციებში ვკითხულობთ, ამერიკელმა პოლიტიკოსმა ამ იმიჯს მისი ენერგიულობით, მტკიცე ხასიათითა და მუდმივად გამარჯვებაზე ორიენტირებულობით მიაღწია.
ენერგიული და ძლიერი ქალი საკმაოდ ეფექტური მომხსენებელიცაა და ხშირად მედიასთან ტიპური „ამერიკული ღიმილით“, თუმცა ამავდროულად ხისტი და სარკაზმით გაჯერებული გამოსვლებითაც ჩნდება.
მსოფლიო მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო პელოსის ბოლო დღეებში გადადგმულმა ნაბიჯმა, როცა იგი ჩინეთის მუქარის მიუხედავად, ტაივანში ჩავიდა და განაცხადა, რომ აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ტაივანის აქტიური დემოკრატიის მიმართ შტატების ურყევ ერთგულებას ცხადყოფს.
კარიერა და პოლიტიკური გამოცდილება
ნენსი პელოსის კარიერა 1987 წლიდან და უფრო ადრეც დაიწყო, მაშინ, როცა ის აშშ-ში კალიფორნიის წარმომადგენლად მუშაობდა. 2019 წლიდან დღემდე კი, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერია. 2003 წლიდან აშშ-ის ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ ძალას – „დემოკრატიული პარტიას“ ხელმძღვანელობს. სწორედ ამ თანამდებობის მიღების შემდეგ, იგი გახდა პირველი ქალი, რომელმაც კონგრესში პოლიტიკურ პარტიას უხელმძღვანელა.
გარდა ამისა, პელოსი ერთადერთი ქალია აშშ-ს ისტორიაში, რომელიც შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებს. საპრეზიდენტო რიგებში კი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ მეორე.
პელოსი კონგრესის წევრად პირველად 1987 წელს აირჩიეს, წარმოადგენს კალიფორნიის შტატს, რომელიც სან-ფრანცისკოს ქალაქსა და ქვეყნის საკმაოდ დიდ ფართობს მოიცავს.
აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ საზოგადოების მხრიდან მისი მხარდაჭერა ძირითადად ისეთ საკითხებს უკავშირდება, როგორიცაა: გარემოსდაცვითი, ქალთა რეპროდუქციული და ადამიანის უფლებები. „გულწრფელ კრიტიკოსს“, როგორც მას საერთაშორისო მედია უწოდებს, დიდი მხარდაჭერა ჰქონდა მაშინაც, როცა პელოსმა 2011 წელს „რესპუბლიკური პარტიის“ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პალატის სპიკერის პოზიცია დაკარგა.
2019 წელს კონგრესმა პელოსი სპიკერად ხელმეორედ აირჩია და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შტატების სენატმა ორჯერვე გაამართლა, ნენსი პელოსი იყო სწორედ ის პოლიტიკოსი, რომელიც სათავეში ტრამპის იმპიჩმენტს საკითხს ედგა და მის მთავარ კრიტიკოსად მიიჩნეოდა.
შემთხვევითი არც ის ფაქტია, რომ გასული წლის 6 იანვარს, როცა ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მათი მთავარი სამიზნე სწორედაც რომ პელოსის სამუშაო ოთახი იყო – ტრამპის მომხრეებმა მისი სამუშაო არეალი დაარბიეს.
2021 წელს კი პელოსი პალატის სპიკერად ხელახლა, მეოთხე ვადით აირჩიეს და დღემდე ამ პოზიციაზე კვლავ დამაჯერებელია. საერთაშორისო პრესაში წერენ იმასაც, რომ პელოსმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, მათ შორის, ეკონომიკის გასაძლიერებლად მიღებულ კანონპროექტებსა და ინფრასტრუქტურის ინვესტიციებში.
როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, პელოსის მხარდაჭერის გარეშე, რესპუბლიკელი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უმცროსი) კრიტიკულ მომენტში საბანკო რეფორმას ასე სწრაფად და ეფექტურად ვერ გაატარებდა, რასაც სპეციალისტები აფასებენ, როგორც 2007 წელს დაწყებული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლისკენ გადადგმულ, პირველ სწორ ნაბიჯს.
გარდა ამისა, პელოსის გარეშე, დემოკრატი პრეზიდენტი ბარაკ ობამა ვერ დაამტკიცებდა „ობამაქეარად“ წოდებულ ჯანდაცვის რეფორმას, რომლის გაუქმება „რესპუბლიკელმა“ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარუმატებლად, მაგრამ არაერთხელ სცადა.
ოჯახი და პირადი ცხოვრება
ნენსი პატრიცია პელოსი – ბალტიმორში, იტალიელ ამერიკელთა ოჯახში დაიბადა. დედა ღრმად რელიგიური ქალი იყო, რომელიც ოცნებობდა, რომ მისი შვილი კათოლიკური ეკლესიის მონაზონი გამხდარიყო. მამა კი დემოკრატი პოლიტიკოსი ჰყავდა, რომელიც 12 წლის მანძილზე ბალტიმორის მერი იყო.
ნენსი პელოსი 6 დედმამიშვილში ყველაზე უმცროსი და ერთადერთი გოგო გახლდათ. უფროსი ძმაც ასევე დემოკრატი პოლიტიკოსი იყო და 4 წლის მანძილზე მამამისის მსგავსად, ბალტიმორს სათავეში ედგა.
როგორც უცხოური პრესა წერს, ნენსი პელოსს პოლიტიკა ბავშვობიდანვე აინტერესებდა. 16 წლის ასაკში მასაჩუსეტსის შტატის სენატორი ჯონ კენედი გაიცნო, 20 წლის კი ვაშინგტონში, უკვე პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრებოდა, რამაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
პოლიტიკა ბავშვობიდან ხიბლავდა და ახალგაზრდობაშივე იცოდა, რომ პოლიტიკოსობა სურდა. დაამთავრა „ნოტრ დამის“ ინსტიტუტი და „ტრინიტის“ კოლეჯი პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტის ხარისხით.
23 წლის ასაკში პელოსი დაოჯახდა, ჰყავს 5 შვილი. მეუღლე პოლ პელოსი ბანკირი და ინვესტორი იყო. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ნენსი იურისტობას გეგმავდა, თუმცა დაოჯახების გამო გეგმები გვერდით გადადო და წლების მანძილზე მხოლოდ 5 შვილის აღზრდით იყო დაკავებული.