მთელ მსოფლიოში, ავტოსაგზაო შემთხვევები, თინეიჯერების ყველაზე დიდი მკვლელია. ამის შესახებ კვლევა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა.
2015 წელს მსოფლიოში 1.2 მილიონი მოზარდი გარდაიცვალა. 10-დან ერთ შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი სწორედ ავტოსაგზაო შემთხვევაა.
ავტოსაგზაო კატასტროფების უმეტესობაში 10-დან 19 წლამდე მამაკაცები არიან ჩართულები.
ახალგაზრდა ქალების ყველაზე დიდი მკვლელი მსოფლიოს მასშტაბით, კი გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და თვითდაზიანებებია.
საქსტატის ცნობით, საქართველოში 2015 წელს სულ 198 მოზარდი გარდაიცვალა.(10-19 წელი) აქედან 145 ბიჭია, ხოლო 53 ქალი.
რაც შეეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ მოზარდებს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2015 წელს თექვსმეტი 8-დან 16 წლამდე ასაკის მოზარდი გარდაიცვალა, 77 ადამიანი კი 17-დან 25 წლამდე ასაკის.
ჯამში 2015 წელს, ავტოკატასტროფის შედეგად, საქართველოში 8-დან 25 წლამდე ასაკის 93 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
თინეიჯერთა ყველაზე დიდი მკვლელების ტოპ ხუთეული (ასაკი 10-19 წელი)
- ავტოსაგზაო კატასტროფები
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
- თვითდაზიანებები (გამიზნული და შემთხვევითი თვითმკვლელობები)
- ნაწლავური ინფექციები (დიარეის ტიპის დაავადებები)
- ჩაძირვა (დახრჩობა).
ავტოსაგზაო შემთხვევები
ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერლი მოზარდები, ძირითადად, დაუცველი ტრანსპორტის მომხმარებელები არიან: ფეხითმოსიარულეები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები.
მამაკაცები 15-19 წლამდე ამ სტატისტიკაში უდიდეს ადგილს იკავებენ – 115 302 შემთხვევა. კატასტროფების უმეტესობა ევროპის ღარიბ ქვეყნებში, ამერიკასა და შუა აღმოსავლეთში ხდება.
2015 წელს ბრიტანეტში, ავარიების შედეგად 145 ადამიანი დაიღუპა (10-19 წლამდე) 3 166-ზე მეტი კი სერიოზულად დაშავდა.
ბრიტანელი ექსპერტების ცნობით, ყველაზე სარისკო მოზარდებისთვის ის პერიოდია, როდესაც ისინი დაწყებითიდან საშუალო სკოლაში გადადიან და მარტო სიარულს იწყებენ.
ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, ამ საკითხის შესახებ განათლება და კამპანია „შეანელეს“ სასურველი ეფექტი აქვს, მაგრამ სხვა ქვეყნები მათ ჩამორჩებიან.
სხვა მასშტაბური “მკვლელები”
გლობალურად, მოზარდების სიკვდილიანობა შემცირებულია, მაგრამ სიკვდილიანობის ზოგიერთი მიზეზი უფრო და უფრო სახიფათო ხდება.
პროფესორ კოსტელოს განცხადებით, თვითმკვლელობის შემთხვევები, ბევრ ქვეყანაში იზრდება.
„თვითდაზიანება მასობრივი და მზარდი პრობლემაა ძალიან ბევრ ქვეყანაში. კვლევების შედეგების ვხვდებით, რომ სუიციდის შემთხვევები იზრდება. გარდატეხის ასაკი ცხოვრების ყველაზე სტრესული პერიოდია. ახალგაზრდებს სჭირდებათ თანადგომა, მაგრამ თინეიჯერების ჯანმრთელობა მსოფლიოს მასშტაბით დიდწილად უგულებელყოფილია. მშობლები, ოჯახები და თემები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ აქვთ უდიდესი შესაძლებლობა პოზიტიური გავლენა მოახდინონ თინეიჯერების ქცევასა და ჯანმრთელობაზე“, – ამბობს ის.
რისგან იღუპებიან ყველაზე ხშირად თინეიჯერი ბიჭები (10–19 წელი)
- ავტოსაგზაო შემთხვევები
- ჩხუბი/ძალადობა
- ჩაძირვა (დახრჩობა)
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
- თვით–დაზიანება
რისგან იღუპებიან თინეიჯერი გოგონები (10–19 წელი)
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
თვითდაზიანება (სუიციდი)
ნაწლავური დაავადებები
თანდაყოლილი დაავადებები
ავტოსაგზაო შემთხვევები
თამთა უთურგაშვილი