LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თინა ხიდაშელი ყაზახეთში მიმდინარე ამბებზე: გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას

138
Untitled design - 2022-01-06T132142.349

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ მძიმე მოლოდინები აქვს.

მისი თქმით, დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.

„ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა.

სამწუხაროდ ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე, ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთის სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს და ვაკვირდებით ყაზახეთში მოვლენების განვითარებას: გაერო

დიახ, თავისუფლებად შეგვიძლია ვთქვათ რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში, მაგრამ პრობლემაც სწორედ აქ არის, როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოტურია და ძალადობაც ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია პირველ რიგში თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.

ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6 წლიანი საქმიანობის შემდეგ ერთი რამ რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა,ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.

გამოცდილება ადასტურებს, რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად, ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.

არც ის არის სიახლე ვინმესთვის რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და არაეფექტურია.

ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის თუ, როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება. რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და შესაბამისად, აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.

პარალელები საქართველოსთან უსაგნოა, ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვრენიტეტისთვის ბრძოლაში.

ყაზახეთი ღირებული პარტნიორია – ვგმობთ ძალადობის ფაქტებს: აშშ-ს განცხადება

აქ სრულიად ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს.

თუკი რამე გვამსგავსებს ის არის, რომ როგორც ბოლო დროს ბევრჯერ მითქვამს, ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა, როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავმატოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.

შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ, რომ შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის “დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ” თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.

მოკლედ ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე“. – წერს სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელი.

ყაზახეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა მოხდეს, ქვეყნიდან არ წავალ და დედაქალაქში დავრჩები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები