მოდელი და ჟურნალისტი, თინათინ ნატროშვილი მეოთხე წელია, ოჯახთან, მეუღლესა და სამ შვილთან ერთად გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. გერმანიაში კორონავირუსის პანდემიის პერიოდი მისმა ოჯახმა მკაცრი შეზღუდვებით გაიარა და ამის შესახებ თავად გვიყვება. ასევე fortuna.ge-სთან საუბრისას ჟურნალისტი ჰყვება, ახლა როგორი მდგომარეობაა გერმანიაში ამ მხრივ.
თიკო ნატროშვილი:
პანდემიის დასაწყისი ერთგვარი მოულოდნელობა იყო, როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში. არ ელოდებოდნენ რიცხვების აწევას ასე მკვეთრად. გერმანიაში ბოლო მომენტამდე არ იხურებოდა სკოლები. მარტში დახურეს, მშობლებისთვის ძალიან სანერვიულო სიტუაცია იყო, რადგან ბავშვები სკოლებში დადიოდნენ და არ ვიცოდით, ვის რა შეხვდებოდა.
გერმანიაში ხუთი კვირა იყო დახურული სკოლები, ამას ორკვირიანი სასკოლო არდადეგები დაემთხვა და ფაქტობრივად, ბავშვებს მხოლოდ სამ კვირას მოუწიათ გაცდენამ.
ეს პერიოდი მოიცავდა დისტანციურ სწავლებას. კვირაში ერთი დღე მიდიოდნენ მხოლოდ სკოლაში. შემდეგ სრულად აღდგა სწავლა. წინა სასწავლო წელი სრულად არ გაუქმებულა, პირიქით, კიდევ ორი კვირა დაუმატეს.
სკოლების დახურვის გარდა, რა რეგულაციები შემოიღეს?
შეზღუდვები საკმაოდ მკაცრი იყო გერმანიაშიც, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებში. აკრძალული იყო ოჯახებში სტუმრობა. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმეს მსგავს სიტუაციაში გამოიჭერდნენ, რომ ერთი ოჯახი მეორესთან სტუმრად მივიდოდა, დაწესებული იყო ჯარიმა 25 000 ევროს ოდენობით. გერმანელები ძალიან კანონმორჩილი ხალხია და არ მგონია, ამის გამო რაიმე პრობლემა შექმნოდათ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ნამდვილად ვიცავდით ამ წესებს.
სკოლების დახურვასთან ერთად დაიხურა ყველა მაღაზია და რესტორანი. ტრანსპორტი არ შეზღუდულა, სამსახურები გადავიდნენ გარკვეული გრაფიკით მუშაობაზე. ისეთი ტიპის სამსახურები, სადაც მეტ-ნაკლებად იყო შესაძლებელი ზედმეტი კონტაქტების შეზღუდვა, ამასაც აკეთებდნენ. ზოგიერთ სამსახურში, თუ არ ვცდები, დღემდე გრძელდება ეს მიდგომა, თუმცა ძირითადად, ახლა უკვე ყველაფერი აღდგენილია.
ყველაზე გაუსაძლისი პერიოდი იყო მარტიდან აპრილის ბოლომდე, როცა ძალიან რთული იყო ადამიანებთან კონტაქტი, ძირითადად, გვიწევდა სახლში ყოფნა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დავდიოდით საკვების მოსატანად. ერთადერთი, რაც იყო დაშვებული, შეიძლებოდა, მეგობარს შეხვედროდი და სასეირნოდ გასულიყავი. სიმართლე რომ ვთქვა, გერმანიას ამ პერიოდში უჩვეულო სიცარიელე არ ახასიათებდა, რადგან გერმანელები არასდროს ღალატობენ საკუთარ წეს-ჩვეულებებს. შეამჩნევდით გარეთ მორბენალ ადამიანებს, რომლებიც სპორტით არიან დაკავებულები. ასაკოვნებიც ჩვეულებრივად დადიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ვესტფალიის მხარეში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელი იყო კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობის კუთხით. გერმანიაში ზოგიერთი ქალაქი ჩაიკეტა, მაგრამ ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, რომელი.
როდის შესუსტდა დაწესებული რეგულაციები?
ზუსტად ხუთი კვირის შემდეგ, ნელ-ნელა შესუსტდა გამკაცრებული რეგულაციები. პირველ ჯერზე, სკოლების ერთი დღით გახსნასთან ერთად, ასევე დაუშვეს ჯერ ხუთი, შემდეგ ათი ადამიანის ერთად შეკრების შესაძლებლობა, ახლა უკვე შეგიძლია 50 ადამიანამდე, თუმცა გააჩნია გარემოებას და დამცავი მექანიზმების არსებობას.
დღეს მეგობრები ჩვეულებრივად მივდივართ რესტორნებში, 10-12 გოგოც შევსულვართ, ოღონდ ჯგუფიდან ერთ-ერთი ტოვებს კონტაქტს. თუ რამე დაფიქსირდება, კონტაქტები ადვილი მოსაძიებელი გახდეს.
ვფიქრობ, გერმანიამ ხუთი კვირა კარანტინი იმიტომ შემოიღო, რომ არავინ ელოდა ინფექციის ასეთი მასშტაბებით გავრცელებას და გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამ ხუთ კვირაში მოამზადეს ქვეყანაში სიტუაცია იმისთვის, რომ რეგულაციები შერბილებულიყო და ნორმალურ რეჟიმში გაგვეგრძელებინა ცხოვრება. ცხადია, ამ დრომდე მოქმედებს ნიღბების გაკეთების ვალდებულება დახურულ სივრცეებში და სკოლის ტერიტორიაზე, თუნდაც გარე პერიმეტრზე, მშობლებსაც და ბავშვებსაც ნიღბები გვიკეთია. ჩემი შვილებიდან ერთი ბაღში დადის, ორი სკოლის მოსწავლეა. ასეთი ტიპის რეგულაციები ჩვეული გახდა და მაქსიმალურად ყველა იცავს. გერმანიაში ცოტა სხვანაირად არის – აქ არ გაგივა ცხვირზე ჩამოწეული ნიღაბი. ერთხელ გეტყვიან შენიშვნას და მეორედ პოლიციას გამოიძახებენ, რომელიც დაგაჯარიმებს. ჯარიმა არ აგცდება, თუკი რეგულაციას არ დაემორჩილები და ნიღაბს არ მოირგებ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ყველა ვემორჩილებით წესებს და მივყვებით ცხოვრების დინებას. ალბათ, გათვლილი აქვთ, რომ შესაძლოა, ისევ გახდეს სკოლები დასახური. ამას წინათ პედაგოგებმა აღნიშნეს, რომ თუ ბავშვებს მოუწევთ ისევ დისტანციურ რეჟიმში გადასვლა, გათვლილი აქვთ, რომ ყველა მოასწავლე ტექნიკურად უნდა აღჭურვონ, ლეპტოპები იგულისხმება.
ყველა კლასს აქვს თავისი სათამაშო სივრცე, ერთმანეთში არ ირევიან და ერთმანეთთან არ თამაშობენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები. მშობლებს არ აქვთ ახლოს მისვლის საშუალება ამ სივრცესთან. მასწავლებელი რომ მიახლოვდება, იფარებს ნიღაბს და ა.შ.
მეორე ტალღისთვის მზადება როგორ დაიწყეს?
გერმანიამ მეორე ტალღისთვის მზადება დაიწყო ჯერ კიდევ მაისის შემდეგ. ჰქონდათ 30 000-მდე სასუნთქი აპარატი და ერთი ამდენი შეიძინეს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებულის 40%-ით კი არ გამოუყენებიათ პირველი ტალღის დროს.
ზოგადად, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იგრძნობა და ამ ქვეყნის პოლიტიკაშიც, არის ის, რომ არ ისწრაფვიან კარჩაკეტილობისკენ. პირიქით, ცდილობენ შეგვაჩვიონ თანაცხოვრებას ვირუსთან. გეცოდინებათ გერმანიის მთავარი ვირუსოლოგი, ქრისტიან დროსტენი, რომელიც რეალურად გერმანიაში პანდემიას მართავს. ამას წინათ ვკითხულობდი ინტერვიუს მასთან, სადაც ამბობდა, რომ უნდა შევეჩვიოთ კორონავირუსის არსებობას, ჩვენ ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. ისიც აღნიშნა, რომ ხუთდღიანი კარანტინი სრულიად საკმარისია.
კახის კლასში მასწავლებელს ჰქონდა კოვიდის სიმპტომები. გაუკეთეს ანალიზი და ცხადია, დირექტორმა მოგვწერა ყველა მშობელს მეილი, შეგვატყობინეს, რა მდგომარეობა იყო. კლასს უპოვეს დროებითი შემცვლელი. მეორე დღიდან ბავშვები ჩვეულებრივად მივიდნენ სკოლაში. პანიკა, რომ იქ შეიძლება კორონა იყოს და ჩემს შვილს სკოლაში არ გავუშვებ, არ ყოფილა. კი, უსიამოვნო განცდაა, მაგრამ იმდენად ძლიერია აქ კანონი, რომ ბავშვი სკოლაში უნდა წავიდეს, საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს. საბედნიეროდ, მასწავლებელს კორონა არ დაუმტკიცდა და დაუბრუნდა თავის ადგილს. ეს კარგი მაგალითია იმისთვის, როგორ ვცხოვრობთ ჩვეულ რეჟიმში პატარ-პატარა დაბრკოლებების გადალახვით.
ძალიან ბევრი დისკუსია მიდის საქართველოში, ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელსა და სატელევიზიო გადაცემას, უნდა წავიდნენ თუ არა სკოლაში ბავშვები. საქართველოში პრობლემა ისაა, რომ წესებს არ იცავენ. თუკი წესები და ჰიგიენა, დისტანცია ასი პროცენტით იქნება დაცული, ამ ვირუსის მართვა შესაძლებელი იქნება, როგორც გერმანიაში. აქაც გაოთხმაგდა ინფიცირებულების რაოდენობა, ზაფხულის შემდეგ, როცა დღეში 500 იყო. ავიდა 3000-მდე, ეს არის მეორე ტალღა, რომელიც არა მხოლოდ აქ, არამედ ყველგან დაიწყო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში გაუმკლავდებიან და შეძლებენ სიტუაციის მართვას.
ეს კარანტინიც იმისთვის იყო საჭირო და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, რომ არ მომხდარიყო ჯნდაცვის სისტემის კოლაფსი. კლინიკების გადატვირთვის შემდეგ მძიმე პაციენტებს სათანადოდ ვერ მიხედავდნენ და გამოიწვევდა სიკვდილიანობის დიდ მაჩვენებელს.
გერმანიაში არის გაკეთებული სპეციალური აპლიკაცია, ჩემს ქმარს აქვს ჩამოწერილი და დარეგისტრირებულია. ეს აპლიკაცია იმისთვისაა, რომ სახელმწიფომ აკონტროლოს საფრთხეები, მაგალითად, უფრო ადვილად აღმოაჩინოს კერა. როცა გადაადგილდება, ტელეფონი იმახსოვრებს იმ ადგილებს, სადაც ის იყო. თუკი ამ პროგრამაში დარეგისტრირებულ ადამიანს აღმოაჩნდება კორონა, ყველა იმ ადამიანს მიეწოდება ინფორმაცია, ვისთანაც რაიმე შეხება ჰქონდა, პიროვნების იდენტიფიცირების გარეშე. ეს იდეა ძალიან მომწონს.
ინტერვიუ: ნინო მურღულია