ახალი სახლის ყიდვა ყოველთვის შეიძლება ახალი თავგადასავლების მიზეზი გახდეს, თუმცა ისეთ ამბებს, როგორიც ლინდსი გრამეტს გადახდა თავს, იშვიათად თუ შევხვდებით.
ქალბატონმა, რომელმაც 148 წლის სახლი რამდენიმე თვის წინ შეიძინა, ერთ მშვენიერ დღეს იქ საიდუმლო კარი აღმოაჩინა, რომელიც სანახევროდ ამოქოლილია. სავარაუდოდ, გასასვლელი ცენტრალურ კიბეს სახლის ერთ-ერთ საძინებელთან, უფრო კონკრეტულად კი მის აბაზანასთან აკავშირებს, თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ სახლში საიდუმლო ოთახი იყოს, რომლის არსებობაზეც ახალმა პატრონმა არაფერი იცის. კარის გაღების შემდეგ ლინდსიმ მხოლოდ კიბის ორი საფეხურის დანახვა შეძლო, რაც იმას ნიშნავს, რომ იდუმალებით მოცულ კარს მიღმა საიდუმლო კიბე მდებარეობს.
„რა მოვუხერხო ამ კარს?“ – იკითხა მან „ტიკ-ტოკზე“ განთავსებულ ვიდეოში და დაამატა, რომ სავარაუდოდ, მის სახლში საიდუმლო გასასვლელია და შეიძლება იქ მოჩვენებებიც ცხოვრობენ.
ქალბატონი გრამეტი ალბათ არ ელოდა, რომ საიდუმლო გასასვლელის ამსახველი ეს ვიდეო მას სოციალური ქსელის ვარსკვლავად აქცევდა. ამ დროისათვის მის ვიდეოს „ტიკ-ტოკზე“ 6.3 მილიონი ნახვა და 750 000-ზე მეტი მოწონება აქვს. კომენტარების უმეტესობა ერთნაირია, ადამიანებს სურთ გაიგონ, რა არის კარს მიღმა და ლინდსის საიდუმლო გასასვლელის ბოლომდე გახსნას სთხოვენ.
„მეორე ნაწილზე დამთაგეთ, აუცილებლად მინდა ვნახო რა არის ჩახერგილი გასასვლელის იქით“ – წერენ „ტიკ-ტოკ“ იუზერები, ვიდეოს ავტორი კი მათ დაპირდა, რომ უახლოეს ხანებში გასასვლელს თავის ბოიფრენდთან ერთად გახსნის და ამის ამსახველ ვიდეოსაც აუცილებლად განათავსებს სოციალურ ქსელში.