როგორც ცნობილია აზიური ქვეყნების კინოფესტივალმა ლევან თუთბერიძის ფილმი „მოირა“ საუკეთესო ფილმად დაასახელა. დაჯილდოვება ლოს-ანჯელესში გაიმართა , გარდა ამისა, ფილმმა მოიპოვა აკადემიის წევრებისთვის დამატებითი ჩვენების უფლება, რომელიც დეკემბერში გაიმართება. სწორედ „მოირაა“ წარდგენილი წელს ოსკარზე საქართველოდან და ამ ფილმს უკვე საკმაოდ დიდი რეზონანსი აქვს , მათ შორის უცხოურ მედიაში.
საიტი The Wrap Covering Hollywood აქვეყნებს ინტერვიუს რეჟისორთან, რომელიც ქართული კინოს წარმატებაზე საუბრობს : „ნელ-ნელა ქართული კინო მის პირვანდელ პრესტიჟს უბრუნდება“-ამბობს რეჟისორი. მისი თქმით, მან გადასაღებად შავი ზღვის პატარა ქალაქი აირჩია ლოკაციად და ეს იტალიური კინოს გავლენაა.
შეგახსენებთ, რომ ფილმი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ამბავს მოგვითხრობს. ციხიდან გამოსული მთავარი გმირი ცდილობს ოჯახი სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს, მამა, ინვალიდის ეტლსაა მიჯაჭვული. ძმა კი, კრიმინალურ სამყაროს უკავშირდება. მთავარი გმირი ნასესხები ფულით პატარა სათევზაო გემს ყიდულობს და თუ როგორ განვითარდება ფილმში მოვლენები, ამას მაყურებელი თავად იხილავს.