ინდოეთში ყველაზე რეიტინგული ინგლისურენოვანი გამოცემა The Times of India მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.
გამოცემა ხუთ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის საქართველოს პირველ ადგილზე ასახელებს. საქართველოსთან ერთად The Times of India მკითხველს ბუტანში, შრი-ლანკაში, ომანსა და მადაგასკარში მოგზაურობას სთავაზობს.
„ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო ეს არის გასაოცარი პეიზაჟები, თოვლით დაფარული კავკასიონის მთებით დაწყებული, შავი ზღვის ზოგან ჯერ კიდევ ფეხდაუდგმელი სანაპიროთი დამთავრებული. ქვეყნის დედაქალაქი, თბილისი მოგზაურებს ისტორიული არქიტექტურით, ხალხმრავალი ბაზრებითა და შემოქმედი ადამიანების სიუხვით ატყვევებს. მოინახულეთ უძველესი მონასტრები, გასინჯეთ გამორჩეული ქართული ღვინოები და დატკბით ადგილობრივების სტუმართმოყვარეობით“, – წერს The Times of India საქართველოს შესახებ.
The Times of India-ს მთელ მსოფლიოში ათობით მილიონი მკითხველი და გამომწერი ჰყავს.