3-7 ივლისს, ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრში, ბაქოს საზაფხულო ჯაზ-ფესტივალი იმართება. საფესტივალო ლაინაფი, წელსაც მსოფლიო ჯაზის-ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, რომლის ერთ-ერთი ჰედლაინერი ქართველი მუსიკოსი, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მიქაძეა.
5 ივლისს, გიორგი მიქაძის საავტორო პროექტს „The Great Georgian Songbook“ („ქართულ სიმღერათა კრებული“) ბაქოს საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალზე „Baku Summer Jazz Days” უდიდესი წარმატება ხვდა წილად.
აზერბაიჯანელი მსმენელი დიდი აპლოდისმენტებით შეხვდა მათთვის კარგად ნაცნობი, გენიალური ქართველი კომპოზიტორების კინო და თეატრალური მუსიკის შედევრების, სრულიად ახალ არანჟირებებს კლასიკური ჯაზ-ტრიოს ფორმატში. ჯაზ-ტრიოს შემადგენლობაში იყვნენ გიორგი მიქაძე ფორტეპიანო, რაფაელ პანიე დასარტყამი საკრავები და ფრანსუა მოუთა კონტრაბასი.
აღსანიშნავია, რომ 29, 30 ივნისს გიორგი მიქაძემ, ქ. პარიზის ერთ-ერთ პრესტიჟულ ხმის ჩამწერ სტუდიაში „Studio SEXTAN“ საავტორო პროექტი The Great Georgian Songbook („ქართულ სიმღერათა კრებული“) ჩაწერა. მუსიკალური ალბომის მასტერინგი და მიქსინგი განხორციელდება ნიუ ორლეანის, გრემის მფლობელ ხმის ჩამწერ სტუდიაში „Esplanade Studios“. ალბომად კი გამოსცემს ევროპული საპროდიუსერო კომპანია.
გიორგი მიქაძის საავტორო ალბომის „The Great Georgian Songbook“ ჩაწერის და გამოცემის გენერალური სპონსორია Club Iveria.
პროექტის ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, „The Great Georgian Songbook“-ის ალბომის პრეზენტაცია და კონცერტი თბილისში დეკემბრის თვეში შედგება.