გადაცემას „რადიო დუეტი“ თამარ ალადაშვილი ესტუმრა. ის გარდა სოლო კარიერისა, „თსუ გორდელას“ წევრიც არის. ასევე ხელმძღვანელობს საბავშვო მუსიკალურ სტუდიას „თორდა“. თამუნამ სამომავლო გეგმებსა და ახალ სიმღერებზე ისაუბრა.
როგორ შეხვდი იანვრის დღესასწაულებს?
ახალი წელი არ მიყვარს, იმიტომ, რომ დაუსრულებელი დღესასწაულები, დაუსრულებელი სმა-ჭამა არ შემიძლია, ვერ ვიტან უსაქმურობას. ახალ წელს „თსუ გორდელასთან“ ერთად ერთ-ერთ რესტორანში ვმღეროდი. ვცდილობ, რომ საახალწლო ტრადიციებისც ჩემთვის არ არსებობდეს. განსაკუთრებით მიყვარს აღდგომა და ჩემი დაბადების დღე. ჭკუა მეკეტება მზეზე, სითბოზე და სიყვარულზე.
ახალ სიმღერაზე მოგვიყევი…
ეს სიმღერა დიდი ხნის წინ დავიწყე, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე ცოტა ხნით მივატოვე. სიმღერას ქვია „გაგიშვი“. ჩემს დაბადების დღეზე, კულისებში ნანა ცინცაძეს მოვასმენინე დასაწყისი და ვუთხარი ვეღარ ვაგრძელებ თქო, ანუ ტექსტი არ მქონდა. ნანამ სამ წუთში დამიწერა ლექსი, სიმღერა კი ერთ კვირაში ჩავწერე. სიმღერა წარსულიდან – მე ასე დავარქვი. „გაგიშვი, რადგან მინდა დაბრუნდე“ – ასეთი ტექსტი აქვს სხვათაშორის, თუმცა დღეს გაშვების ამბებში აღარ ვარ. იგეგმება სატელევიზიო პრემიერაც და ვიდეორგოლის გადაღებაც მინდა.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
აქედან ჩემს მოსწავლებთან, ანსამბლ „თორდასთან“ მივიჩქარი, აჭარულ და რაჭვულ სიმღერებზე თენგო ზარდიაშვილი ცეკვას აკეთებს. ათ თებერვალს არტ ჰოლში იქნება პროექტის პრეზენტაცია. რამდენიმე კონცერტი საზღვარგარეთაც არის დაგეგმილი, ჯერ მოლაპარაკების დონეზეა და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ჩაიწერა ორი ახალი სიმღერა. ასევე დავწერე ორი სიმღერა – „იავნანას“,მეგობართან ერთად ვიმღერებ, ხოლო სიმღერას „დაიწყო თოვა“ შოთიკო ლეგაშვილი შეასრულებს, რომელსაც ჩემთვის თბილი და ძალიან განსხვავებული ხმა აქვს. იგეგმება ჯგუფ „არგოსთან“ ერთად კიდევ ერთი ახალი დუეტი. მოკლედ, 2018 წელი ძალიან დატვირთული მექნება.
რა სიახლები აქვს „თსუ გორდელას“?
„თსუ გორდელაც“ ემზადება კონცერტებისთვის, თუმცა ამას მაშინ მოგიყვებით, როდესაც ერთად გეწვევით.
თამუნა ალადაშვილი – გაგიშვი
გადაცემის აუდიო ჩანაწერი
თამუნა ალადაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი