LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესტირება გადაწყვეტს გაგრძელდეს თუ არა ბაგა-ბაღში სასწავლო პროცესი

298
BeFunky-collage - 2020-10-16T124040.073

12 ოქტომბერს საქართველოში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში საკოორდინაციო საბჭომ რეგულაციები დაადგინა, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციას ითვალისწინებს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდულმა ზრდამ, ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა განაპირობა. საჭიროების მიხედვით იზრდება მიზნობრივი ჯგუფების რაოდენობაც. ბოლო ინფორმაციით, სკოლებისა და ბაგა-ბაღების პერსონალის, მათ შორის პედაგოგების ე.წ. რანდომული, შერჩევითი ტესტირება, ქვეყნის მასშტაბით, მომავალი კვირიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულიო ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა.

“შევთანხმდით მეთოდოლოგიაზე, როგორ უნდა მოხდეს მასწავლებლების ე.წ. რანდომული ტესტირება. შევთანხმდით რა პროცენტზე უნდა ავიღოთ მონაცემები, ვალიდური რომ იყოს კვლევა. ვფიქრობთ, რომ იმ კვირიდან დავიწყებთ, ორშაბათიდან ან სამშაბათიდან.  ორ კვირაში ერთხელ დაახლოებით 16 % -ს გამოვიკვლევთ, ასე შევთანხმდით. თბილისსა და რეგიონებში, როგორც კერძო, ასევე საჯარო სკოლებს მოვიცავთ. სკოლები მიემაგრებიან ლაბორატორიებს” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბაგა-ბაღებში ტესტირებასა და სააღმზრდელო პროცესზე შედეგების გავლენაზე, ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეროგატივაა და ამაზე კითხვით მას უნდა მივმართოთ. კახა გვენცელაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დაგეგმარება. რაც შეეხება იმ სააღმზრდელო დაწესებულებებს, რომლემბაც უკვე შეწყვიტეს სწავლის პროცესი, გვანცელაძე განმარტავს, რომ ამ დროისათვის თბილისში ასეთი 20 ბაღია.

როდის დაიწყება ბაღებში ტესტირება? ვინ მოხვდება სამიზნე ჯგუფში? ტესტირების შედეგი განსაზღვრავს თუ არა ბაღში სასწავლო პროცესის გაგრძელებას?

“თავად დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ჰკითხეთ. მიმდინარეობს დაგეგმარება. შეეკითხეთ დაავადებათა  კონტროლის ცენტრს. დღევანდელი მდგომარეობით 20 ბაღში არის შეჩერებული სააღმზრდელო პროცესი” – აცხადებს გვანცელაძე.

დროებით დახურული ბაღებია: #35, #53, #89, #153, #190, #93, #99, #29, #36, #4, #21, ხუთკუნჭლა, #16, #72, #213, #186, #59, „იმედი,“ #216, #160.