გასულ ღამეს მომხდარი ტერაქტის შედეგად ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გარდაცვლილთა რაოდენობამ 130-ს გადააჭარბა, 160 კი დაიჭრა, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირაზე“ დაყრდნობით ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
პირველი ყველაზე ძლიერი აფეთქება ხალხმრავალ რაიონ ელ-ქარადაში მოხდა, ქალაქის ცენტრში. რესტორანთან ახლოს დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. მეორე აფეთქება ცოტა ხნის შემდეგ ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა.
ცენტრალურ რაიონ ქარადაში ბევრი მაღაზია, კაფე და რესტორანია, რომელიც რამადანის თვეში ყოველთვის სავსეა მზის ჩასვლის შემდეგ – სწორედ ამ დროს მუსულმანური მარხვით დადგენილი მკაცრი წესები აღარ მოქმედებს და მორწმუნეები თავს უფლებას აძლევენ, საკვები მიიღონ.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ერაყის სამთავრობო ძალებმა ჯიჰადისტებისგან გაათავისუფლეს ქალაქი ფალუჯა,ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თქმით, ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ პასუხი იყო.