LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექსტილის საწარმო, რომელიც 1500 ადამიანს დაასაქმებს, 6 თვეში ამოქმედდება

115

უცხოური ინვესტიციით შექმნილი შპს „აჭარა ტექსტილი“ 6 თვეში ფოთში უახლოესი საერთაშორისო სტანდარტების სამკერვალო ფაბრიკის ამოქმედებას გეგმავს, სადაც ქალის, მამაკაცისა და ბავშვის სპორტული ტანსაცმლის წარმოებას აპირებს.

შპს „აჭარა ტექსტილი“ აღნიშნული ბიზნეს-პროექტის განხორციელებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გეგმავს.

კომპანია სარგებლობს სამთავრობო პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით,რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

კომპანიას საწარმოს ასაშენებლად საჭირო ტერიტორია 4 ჰა მიწის ფართობი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან ნომინალურ ფასად გადაეცა.

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ახალი სამკერვალო საწარმოს საძირკვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც 6 თვეში აქ უკვე იდგება ევროპული სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური საფეიქრო ფაბრიკა, რომელიც თავდაპირველად 1500 პირს დაასაქმებს, ხოლო საწარმოს სრული სიმძლავრით ამუშავებისას ჯამში 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება, თუმცა ეს  რეალურია და ამ ყველაფრის მომსწრეები თავად გახდებით,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა პრეზენტაციაზე. მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ინვესტორი 15 მილიონ აშშ დოლარამდე დახარჯავს.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „აჭარა ტექსტილი“ წარმატების მხოლოდ ერთი მაგალითია იმ 205 საწარმოდან, რომელსაც სახელმწიფომ მხარი დაუჭირა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და რომლის დახმარების შედეგად ჯამურად 445 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „აჭარა ტექსტილი“ უკვე ფლობს ორ სამკერვალო ფაბრიკას ბათუმსა და ქობულეთში და დასაქმებულიჰყავს 2500 ადამიანი. არსებულ საწარმოებში ყოველთვიურად 100 ახალი თანამშრომელი გადის გადამზადების კურსს.