LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტექსტილის ქართველი დიზაინერის ამერიკული ცხოვრება და საქმიან ქალად ტრანსფორმაციის ამბავი

817
000

დანტე ალიგიერს უთქვამს, სილამაზე სულს მოქმედებისკენ უბიძგებსო. სოფო ბარნოვზე სასაუბროდ, ალბათ, ამაზე უკეთეს დასაწყისს ვერც ვიპოვიდი – ლამაზი ქალი თავადაც სილამაზის მუხლჩაუხრელი მაძიებელია და მოქმედებს ისე, რომ საკუთარი საქმის მშვენიერების მასშტაბი დეტალებით დაგანახოს.

სოფო ტექსტილის დიზაინერია. ის ხელოვანია, რომელიც პროფესიული საზღვრების გაფართოებით ქართული კულტურის პოპულარიზაციას ცდილობს. 2015 წელს მოქმედების არეალი საერთოდაც პირდაპირი მნიშვნელობით გაზარდა და მეუღლესთან, სამორი ბალდესთან ერთად საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. დღეს ორ მცირეწლოვან შვილს ზრდის. როგორც თავად ამბობს, დროის დიდ ნაწილს ოჯახს უთმობს, თუმცა პოტენციურ პარტნიორებთან, თუ დამკვეთებთან საურთიერთოდ შტატიდან შტატში მოგზაურობასაც ახერხებს და ასე ნელ-ნელა იმკვიდრებს როგორც საინტერესო შემოქმედის, ისე საქმიანი ქალის იმიჯს.

– საკმაოდ პატარა ვიყავი, ხელოვნებით როცა დავინტერესდი. ეს დიდწილად ოჯახმა და გარემოცვამ განაპირობა – ვიზრდებოდი ქუჩაზე, სადაც ბევრი ფერმწერი, მოქანდაკე თუ არქიტექტორი ცხოვრობდა. ხატვა, დაახლოებით, 5 წლის ასაკიდან დავიწყე. პროცესი იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია. საქართველოში ყოფნის დროს ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობდი. მიმაჩნია, რომ არტისტისთვის ნებისმიერი ტიპის გამოფენაა მნიშვნელოვანი, რადგან საკუთარი ხედვის, თუ ემოციების გაზიარებით ბევრ რამეს სწავლობ და იაზრებ. გამოფენა გარკვეულწილად წერტილის დასმას, გვერდის გადაფურცვლას ჰგავს…

–  დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ აფასებ იმ ცოდნას, რომელიც საქართველოში მიიღე, რამდენად გამოსადეგი აღმოჩნდა ის ნიუ-იორკში ცხოვრების ეტაპზე?

– სამხატვრო აკადემია მაგისტრის დიპლომით დავასრულე. ტექსტილის დიზაინი ის მიმართულება იყო, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. საქართველოსა და აშშ-ში სწავლების მეთოდი საკმაოდ განსხვავებულია. სამხატვრო აკადემიაში ქსოვილების მხატვრული დაპროექტება და მოხატვა მოიცავდა უფრო მეტად ფიზიკურ მუშაობას მატერიებზე, ამერიკაში კი დიდი დრო ეთმობა ციფრულ მხარეს და ამ კუთხით ცოდნის მიღებას, ე.წ. ფათერნს უმეტესად კომპიუტერით აწყობენ. მოხარული ვარ, რომ მქონდა საშუალება ევროპულ მიმართულებასაც გავცნობოდი და შემდეგ აქაური ხედვაც შემესწავლა. აშშ-ში ტექსტილის დიზაინი საკმაოდ განვითარებული სფეროა და ინტერიერის დიზაინში, სადაც ამჟამად ვმუშაობ, უდიდესი ყურადღება ექცევა.

 – როგორც ხელოვანი, რა დროის შემდეგ გაგიცნო ამერიკულმა სახელოვნებო წრემ?

–  მეცხრე წელია, რაც ნიუ-იორკში ვარ. დაახლოებით ერთი წელი დამჭირდა გავცნობოდი, როგორ მუშაობს სახელოვნებო სფერო. შემდეგ შვიდ-რვა ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ძირითადად სოჰოსა და ჩელსის საგამოფენო სივრცეებში მანჰეტენზე. გარდა იმისა, რომ დიდი გამოცდილება მივიღე, შეხედულება ბევრ საკითხზე შემეცვალა. მაგალითად, ამერიკის მუზეუმებსა და გალერეებში ისეთ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრები ჭარბობს, როგორებიცაა აბსტრაქცია, მოდერნ თუ ქონთემფორარი არტი. მათი ღირებულება დროთა განმავლობაში გავაცნობიერე. შეიძლება ითქვას, რომ ეს ჟანრები აზროვნების საკმაოდ განსხვავებული მდგომარეობაა, მათი მეშვეობით მხატვარი, სკულპტორი, დიზაინერი სამყაროს სრულიად სხვა ფორმით აღქმას გვთავაზობს. ჩემთვის ყველა ეს მიმდინარეობა საინტერესო გახდა. ბევრი არტისტიც გავიცანი განსხვავებული წარმოდგენებით და იდეებით ხელოვნებაზე. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა პიროვნული ზრდისთვის მნიშვნელოვანია.

– ნიუ-იორკში გადასვლისას აქტიურად მუშაობდი ტიხრულ მინანქარში. აქვე გავიხსენოთ როგორ გაჩნდა შენს შემოქმედებაში ეს მიმართულება და როგორ მიიღეს ადგილობრივებმა შენი ნამუშევრები?

– მინანქრის შესწავლა 13-14 წლის ასაკში დავიწყე. ჩემი ბავშვობის მეგობრის, არაჩვეულებრივი მოქანდაკის ნიკოლო მელივას სახელოსნოში მომეცა საშუალება მენახა, როგორ მზადდება ტიხრული მინანქარი. ძალიან დავინტერესდი და შევისწავლე კიდეც. ამერიკაში ამ მიმართულების შესახებ ახალმა თაობამ არაფერი იცის. ინფორმაციას ძირითადად ისინი ფლობენ, ვინც ისტორიით, არქეოლოგიით თუ აღმოსავლური კულტურით არის დაინტერესებული. არის ეტაპები, როდესაც მინანქარზე არ ვმუშაობ, რადგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს. რაც შეეხება ჩემი ნამუშევრების მიმართ დამოკიდებულებას, ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო „ჩელსი მარკეტი“, სადაც 2 კვირის განმავლობაში ვმონაწილეობდი. მოწონება იმდენად დიდი იყო, რომ დამთვალიერებელი მთხოვდა მომეყოლა მინანქრის წარმომავლობასა და ისტორიაზე, დაწყებიდან დასრულებამდე რა საფეხურების  გავლა მიწევს ტიხრულ მინანქარზე მუშაობისას. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ჟანრი ყველაზე მეტად კალიფორნიაშია განვითარებული.

– ტრანსფორმაცია, რომელიც როგორც შემოქმედმა ადამიანმა განიცადე – ის, რასაც ქმნიდი, როგორ აფასებ ახლა და ის, რასაც ამჟამად ქმნი, რითაა შთაგონებული?

– ხელოვნება ჩემთვის მუდმივი ძიების პროცესია, ხანდახან ძალიან რთული და ხანდახან  მარტივი. არის მომენტები, როდესაც არაფერი გაქვს სათქმელი და ეს შეიძლება წლები გაგრძელდეს. ხელოვნება უფრო აზროვნების მდგომარეობას ჰგავს, სადაც არტისტი გამტარია იმ ენერგიის, რასაც არაცნობიერი გვაძლევს. რაც უფრო მეტადაა ხელოვნება ეგოსგან დაცლილი, მით უფრო სუფთა და გენიალურია ის. ურთულესია, ადამიანმა ხატვისას, მუსიკისა თუ პიესის წერისას, არ იფიქროს, რას იტყვის მასზე სხვა, მაგრამ დიდი ხელოვანების შემოქმედებით გზას რომ გადავხედოთ, დავინახავთ, რომ მათი ნამუშევრები დროსთან ერთად უფრო მარტივი ხდება, თითქოს არაფრის დამტკიცებას ცდილობენ, ემოციაა პირველ ადგილზე დაყენებული და ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ ამას ყველა გრძნობს. ვისურვებდი, თავისუფლების იმ ხარისხს მივაღწიო, რომ რაიმეს შექმნისას არავის აზრს, თუ რაიმე სტანდარტს მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს.

– რამ შეიძლება აფიქრებინოს გამოფენაზე მისულ ადამიანს, რომ ის, რასაც ათვალიერებს, გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ თვალისთვის საამური რამ?

– ალბათ, გულწრფელობა ყველა საქმეშია მნიშვნელოვანი. ჩემი გამოცდილებით, სამკაული იქნება ეს, ჩანახატი თუ დასრულებული ტილო, სადაც ყველაზე გულწრფელი ვყოფილვარ, ყველაზე მეტად მეც ის ნამუშევარი მომწონს და მიყვარს. ყველა ადამიანს აქვს უნარი, ხელოვნებაში გულწრფელი შემოქმედება ყალბისგან გაარჩიოს. შეძლება, ესთეტიკური თვალსაზრისით ხელოვანი ყველასთვის სასიამოვნოდ აღსაქმელ ნამუშევრებს არ ქმნიდეს, მაგრამ თუ იგი საკუთარ თავთან არ იტყუება და გულწრფელად მოსწონს ის, რასაც აკეთებს, სრულიად დარწმუნებული ვარ, სხვებსაც მოეწონებათ. ადამიანებს, ზოგადად, ძალიან სიამოვნებთ იმის ხილვა, როცა ვინმე რამეში მაქსიმალურად ღია და თავისუფალია, ამიტომაც ხანდახან ხარისხს არ აქვს მნიშვნელობა.

– რას ესწრაფვი, როგორც შემოქმედი ადამიანი?

– როგორც წეღან აღვნიშნე, ვცდილობ, უფრო თავისუფალი გავხდე, ვიდრე ვარ. გარდა ამისა, უმნიშვნელოვანესია კარგ ფორმაში ყოფნა, რაც მხოლოდ პრაქტიკით მიიღწევა. საკუთარი იდეების ტილოზე გადატანა ზუსტად რომ შეძლო, ამისთვის ყოველდღიური შრომაა საჭირო. თუ გონებრივი რესურსი ტექნიკურს უსწრებს, ესე იგი, ბალანსია საპოვნელი. მუშაობის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან ეს სწავლის პროცესს უდრის. არ აქვს მნიშვნელობა ნამუშევარი გამოვა, თუ არა. ყველაზე ცუდი ნამუშევარიც კი რაღაცას გასწავლის.

 – ამჟამად ინტერიერის დიზაინში ვმუშაობო, აღნიშნე. უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვე, შენი საქმიანობის ამ ახალ მიმართულებაზე.

– ამჟამად ე.წ. „დეკორატიულ არტს“ ვქმნი, რაც სხვადასხვა ზედაპირის (იქნება ეს ქაღალდი, ხე თუ მარმარილო) ხელით მოხატვას გულისხმობს. ამერიკაში საკმაოდ განვითარებული სფეროა. ამ საქმის დაწყება რთულია, რადგან, როცა ბევრი ნაცნობი არ გყავს, დამკვეთების მონახვა დიდ დროს მოითხოვს. საკმარისია რამდენიმე კმაყოფილი დამკვეთი გაგიჩნდეს, რომ შემდეგ მათი ახლობლები და მეზობლები გიკავშირდებიან. სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიური ვარ. საქმისთვის ძირითადად ინსტაგრამს ვიყენებ. ეს პლატფორმა ნამუშევრების გაზიარების გზით საშუალებას გაძლევს დამკვეთს ნათლად დაანახვო, რა გიკეთებია, რა შეგიძლია.

– რადგანაც აღნიშნე, რომ დამკვეთების მოძიება არცთუ მარტივი საქმეა, როგორ ადგენ შენი მომსახურების ღირებულებას?

– უპირველესად, ამ სფეროში ზოგადი ფასების ცოდნაა საჭირო. ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა საიტიდანაცაა შესაძლებელი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასალების გამოყენება სურს დამკვეთს. ე.წ. ინვოისის შედგენასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება.

– როგორ უყურებ იმას, რომ შენს საქმეს ერქვას ბიზნესი? რა შემთხვევაში შეიძლება დაკარგოს ხელოვნებამ სახე და უბრალოდ შემოსავლის წყაროდ იქცეს?

– ალბათ, ყველა, ვინც ხელოვნებას ემსახურება და პარალელურად ბიზნესი აქვს, ასე თუ ისე, კონტროლის მექანიზმსაც ფლობს – რა შეკვეთაზე იმუშავებ და რაზე იტყვის უარს, ეს შენზეა დამოკიდებული. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, როდესაც სადავეები შენს ხელშია, ბიზნესი ისე შეგიძლია წარმართო, რომ მაქსიმალურად აიცილო თავიდან იმის კეთება, რაც არ გსიამოვნებს ან შენს შემოქმედებით ხედვას არ შეესაბამება.

– რა გმატებს თავდაჯერებულობას?

– თავდაჯერებულობას ყველაზე მეტად მოქმედება გვძენს. შიშსაც კი საქმის კეთებით შეიძლება სძლიო. რისკისკენ ყოველთვის პროცესი გიბიძგებს.

– თუ იმ შრომას გავითვალისწინებთ, რომელიც ამ დრომდე გაგიწევია და იმ მიზნებს, რომლებიც დასახული გაქვს, რას გინდა რომ შენი სახელი და გვარი გვეუბნებოდეს?

 მინდა, ჩემი სახელი უფრო მეტად ჩემს ძირითად პროფესიასთან ასოცირდებოდეს. საქართველოს კულტურის ამ კუთხით წარმოჩენა მსურს მათთვის, ვინც ჩვენზე ცოტა რამ იცის.

სტუდიური ფოტოების ავტორი: ირმა მჭედლიშვილი