პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმდინარე წლის შეფასებისას ერთ–ერთ მთავარ მიღწევად, ტექნოლოგიური განვითარება დაასახელა.
ამ მხრივ მან ტექნოლოგიური ცენტრების, ტექნოპარკებისა და ფაბლაბების მშენებლობის, ასევე საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი გამოყო.
კვირიკაშვილის თქმით, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, საქართველოს მასშტაბით ყველას მისცემს შესაძლებლობას, რომ მაღალსიჩქარანი ინტერნეტით ისარგებლონ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უზრუნველყოფს განათლების თანამედროვე ტექნოლოგიების მიტანას ქვეყნის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლების სკოლებში.
“2016 წელი ასევე გარდამტეხი იყო, ზოგადად, ტექნოლოგიური განვითარების დაწყების მიმართულებით. ქუთაისის გარდა, დაიწყო ტექნოლოგიური ცენტრის მშენებლობა თბილისში, შეიქმნა ტექნოპარკები თბილისსა და ზუგდიდში, ფაბლაბები, დაფინანსდა ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური „სტარტაპები“ და ეს პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, დაიწყო საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი, რომელიც ჩვენს ხალხს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მისცემს შესაძლებლობას ისარგებლონ მაღალსიჩქარიანი ხელმისაწვდომი ინტერნეტით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ტექნოლოგიური განვითარება და ამ მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადადგმული ნაბიჯები, საზოგადოების უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს.
“შეიქმნა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების მართვის ცენტრი, რაც მოგვცემს საშუალებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყანაში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი”, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ ამ წლის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, რომელიც კანცელარიაში დღეს გაიმართა.