LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძე: ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება, თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდა, გარბის და მაშინვე ყიდულობს – არ შეიძლება!

161
BeFunky-collage

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე გრიპის სამკურნალო ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუზე“ საუბრისას აცხადებს, რომ „ტამიფლუ“ ეფექტური მედიკამენტია, მაგრამ მხოლოდ სათანადო ჩვენებების შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, გრიპის პრევენციის მთავარი ზომა ვაქცინაციაა.

„თუკი აღგვენიშნება მსგავსი სიმპტომები, უნდა ვიყოთ იზოლაციაში“ – მედიკოსები საზოგადოებას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ

„ხშირად ხდება „ტამიფლუს“ გადაჭარბებული მოხმარება. თუ ადამიანს გრიპი დაუდგინდება, გარბის და მაშინვე ყიდულობს. ეს არ შეიძლება, არ არის სწორი!

„ტამიფლუ“ უნდა მიიღოს დამძიმების რისკის ჯგუფში მყოფმა პირებმა, კერძოდ მათ, ვინც არის 65 წლის ასაკის ზემოთ, ან 5 წლის ქვემოთ (განსაკუთრებით კი 2 წლის ქვემოთ), ასევე ორსულებმაც. გარდა ამისა „ტამიფლუ“ უნდა მიიღონ ნებისმიერი ასაკის პირებმა, რომლებსაც აქვთ სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები, რადგან ასეთ პაციენტებში უფრო მეტია გრიპის მძიმე მიმდინარეობის და გართულებების, მათ შორის ფატალური გართულებების რისკები. „ტამიფლუ“ ამსუბუქებს სიმპტომებს, აჩქარებს განკურნებას და საგრძნობლად ამცირებს გართულებების რისკს.

„ტამიფლუს“ მიღების ჩვენებაა აგრეთვე გრიპის დამძიმება. დამძიმებაში არ იგულისხმება მაღალი ტემპერატურა, ინტოქსიკაცია, ეს თითქმის ყველა შემთხვევას ახასიათებს. აქ განსაკუთრებით საყურადღებოა სუნთქვის უკმარისობის გაჩენა, ან პროგრესირება, რაც გრიპის დამძიმებაზე და/ან შესაძლო პნევმონიის არსებობაზე მიუთითებს.

„ქვეყანაში ცირკულირებს A ტიპის ვირუსები: მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი.. თუ ეს სიმპტომები გაქვთ აუცილებლად დარჩით სახლში“ – ივანე ჩხაიძე

ჯანდაცვის მინისტრი: „ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს.. პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“

ზემოაღნიშნულ შემთხვევებში რეკომენდებულია „ტამიფლუს“ დანიშვნა და ჰოსპიტალიზაცია. ასევე, რესპირაციული ინფექციების დროს ხშირად ხმარობენ ანტიბიოტიკებს, რაც არ არის სწორი. რესპირაციული ინფექციების, მათ შორის გრიპის დროს, ანტიბიოტიკები მხოლოდ მაშინ უნდა დაინიშნოს, როდესაც ეჭვია ბაქტერიული ინფექციის განვითარებაზე.

გრიპის პრევენციის მთავარი ზომა მაინც არის ვაქცინაცია. სახელმწიფოს მიერ შემოტანილი 200 ათასი ვაქცინა ჯერ კიდევ არ გახარჯულა. ის არის ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია. გრიპის ვაქცინა 40-60%-ით იცავს გრიპისგან. გარდა ამისა, ვაქცინირებულებში გრიპი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. რეკომენდებულია ასევე ხელების ხშირი დაბანა. სასურველია გრიპით დაავადებულმა ატაროს პირბადე. პირბადეების მასიური ტარება, როგორც ეს COVID-19-ის პანდემიის დროს იყო, რეკომენდებული არ არის“, – აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

თენგიზ ცერცვაძე: „გრიპი ვისაც აქვს, მან ატაროს პირბადე და არა მოსახლეობამ, გრიპიანი სახლში უნდა დარჩეს“ 

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები