LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილი: „ჩვენი მომღერლები ქავერებმა დაღუპეს…“

547

თემურ თათარაშვილის ახალი კლიპის პრემიერა „იმედის“ ეთერში უკვე შედგა. „გული ადამიანობს“ ასევე წარდგენილია ოქროს ტალღაზე“.

მომღერალი ბედნიერია იმით, რომ რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა საცხოვრებლად და კონცერტებითაც განებივრებულია.

თემურ თათარაშვილი:

35 წლის განმავლობაში, რაც სცენაზე ვარ, არასდროს წარმიდგენია ჩემი სიმღერა რაიმე კონკურსზე, ის მისმა ავტორმა წარადგინა. იმ დღიდან, რაც ჩავწერე, ვამბობ, რომ კარგა ხანია, ასეთი სიმღერა არ ჩამიწერია. ყველამ აიტაცა პირველივე დღიდან, ვინც მოისმინა. კლიპიც გადავიღეთ. ცირა ბზიშვილს ეკუთვნის მელოდიაც, ტექსტიც და არანჟირებაც. კლიპი გადაიღო მისმა მეუღლემ, ზურა ციციშვილმა. მე ძალიან კმაყოფილი ვარ და მგონი, რომ ამ სიმღერასა და კლიპს კარგი მომავალი აქვს (იღიმის).

ამ ბოლო დროს ძალიან აქტიურობთ, რას უკავშირდება?

მე ყოველთვის ვაქტიურობდი, სანამ მოსკოვში წავიდოდი. იქიდან აქ ვერ ვიაქტიურებდი, გარდა ამისა, იმ პერიოდში, არც არავინ მომცემდა საქართველოში გამოჩენის საშუალებას. იყო ასეთი ფრაზები, რომ თათარაშვილის ყველა კლიპი და სიმღერა უნდა ამოვიღოთ რადიოებისა და ტელევიზიების ეთერებიდანო (იღიმის). მე არავის განვიკითხავ, ყველას თავისი აზრი აქვს და ღმერთი მაღალია.

რაც ჩამოვედი, რა თქმა უნდა, მაქვს კონცერტები. ახლახან ჩემი სახელობის ვარსკვლავიც გაიხსნა და საკმაოდ წარმატებული კონცერტი გაიმართა. რამდენიმე კვირით ადრე ბილეთები აღარ იყო და სამი რიგი ჰქონდათ ჩამატებული, როგორც მითხრეს, ეს ფილარმონიაში მესამედ მოხდა…

რაც შეეხება ვარსკვლავის გახსნას, ეს აზრი სულ არსებობდა, ბოლოს დათო ოქიტაშვილმა მითხრა, ახლა გავხსნათო. სცენაზე არაჩვეულებრივი ბენდი მიმშვენებდა გვერდს, ჩემი არაჩვეულებრივი კოლეგები გამოვიდნენ ჩემთან ერთად. 20 სიმღერა შევასრულე ცოცხლად, რაც დღეს აღარვის უკვირს. მაინც მალე გაიარა, ყოველ შემთხვევაში მაყურებელმა ასე აღიქვა. როგორც ჩანს, კონცერტი კარგად წავიდა. ღონისძიება დავხურე სიმღერით „გული ადამიანობს“, გახსნისთვის კი შევარჩიე მაცაცო სებისკვერაძის „აღორძინდი, საქართველო“.

ემოციური იყო თქვენთვის ეს დღე?

ზოგადად, მომღერლისთვის ყველა კონცერტი ემოციური უნდა იყოს. თუ არ გაქვს შიში, განცდა, ღელვა… არ მესმის, როგორ შეიძლება, კონცერტის წინ მომღერალი არ ღელავდეს. მე სულ ვნერვიულობ.

დღევანდელ შოუბიზნესს და თქვენი აქტიურობის პერიოდს რით განასხვავებდით ერთმანეთისგან?

მაშინ ძალიან ბევრი კონცერტი იმართებოდა. ახლა ძალიან მომწონს, რომ ქართული სიმღერა ისევ წინ წამოვიდა. ჩვენი მომღერლები, ჩემი აზრით, დაღუპეს ქავერებმა. გამორიცხულია, რომ ვანდერზე, ჰიუსტონზე და დაიანა კინგზე უკეთ შეასრულო მათი სიმღერები, ისევე, როგორც მათ გაუჭირდებოდათ ქართულის შესრულება. რუსეთის მაგალითს მოვიყვან, იქ რომ ვცხოვრობდი, პროცენტულად ძალიან ბევრი ქართველი მომღერალია, კარგ დონეზე რომლებიც არიან, მათ ვგულისხმობ, სხვა ერის წარმომადგენლებთან შედარებით. ქართველს ყოველთვის ჰქონდა გენში სიმღერის ნიჭი…

დამწყებ მომღერლებს რას ურჩევთ?

სანამ ამ შეკითხვაზე გიპასუხებთ, მინდა აღვნიშნო, რომ შემთხვევით მოვკარი თვალი გუშინ „მხოლოდ ქართულს“. ძალიან გამიხარდა, რომ პედაგოგად ნუკრი კაპანაძე აიყვანეს და არა ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესმის ქართული სიმღერა. ყოჩაღ მათ ამისთვის.

რაც შეეხება დამწყებ მომღერლებს, მინდა ვურჩიო, რაც შეიძლება მეტი სიმღერა ჩაწერონ და არ თქვან უარი არც ერთ კონცერტზე. რესტორანშიც რომ დაუძახებენ, იქაც უნდა წავიდნენ და კუდი ყავარზე არ უნდა ჰქონდეთ გადებული.

„რესტორნის მომღერალს“ ჩვენთან ზოგჯერ აგდებით ახსენებენ ხოლმე…

ამას ის ამბობს, ვინც არც რესტორანში ვარგა და არც დიდ სცენაზე. მე რესტორანშიც მიმღერია და კიდევ ვიმღერებ, თუ დამიძახებენ. არანაირი სამსახური სათაკილო არ არის. რესტორნის მომღერალს აქვს დიდი პოტენციალი, იმის მეასედსაც ვერ იმღერებს სხვა, ყოველდღიურად უწევთ სიმღერა.

დღეს თქვენი ცხოვრების რა ეტაპია? რთული პერიოდი დარჩა უკან?

კი, დარჩა. ახლა ყველაფერი ღიმილით მახსენდება. ბედნიერი ვარ, რომ ვცხოვრობ საქართველოში. წამოვედი და მოსკოვისკენ გახედვა აღარ მინდა, არც ვაპირებ წასვლას. ვარ ბედნიერი ჩემს ოჯახთან, შვილიშვილებთან, დედასთან ერთად.

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: სასტუმრო „ამბასადორი“

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები