LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული პირების ნაწილი შესაძლოა, თავიდან დაიკითხოს

74

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხული ზოგიერთი პირი შესაძლოა, თავიდან დაიკითხოს.

როგორც მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რიგ შემთხვევაში, კონკრეტული პირების გამოკითხვისას დასმული შეკითხვები არ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ ხელახლა გამოკითხვას ითხოვს. კუბლაშვილის განმარტებით, მათ ხელახლა გამოკითხვაზე გამოძიება თანახმაა.

„არ შეიძლება ყველაფერზე კრიტიკული კომენტარები აკეთო – გამოძიების მხარე ჩემს ნებისმიერ შუამდგომლობას აკმაყოფილებს. დამიკმაყოფილა საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის, მაია ნიკოლეიშვილის ჩართვის მოთხოვნა, ბალესტიკური ექსპერტის ჩართვაზეც თანახმაა. ასევე თანახმაა, ჩემთან ერთად ხელახლა ჩავიდეს სპეცოპერაციის ადგილზე გარკვეული საგამოძიებო სამუშაოების ჩასატარებლად. გარდა ამისა, მზადაა ჩემი მონაწილეობით თავიდან გამოიკითხოს ზოგიერთი პირი, რომელთა გამოკითხვისას დასმულმა შეკითხვებმა არ დამაკმაყოფილა“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

რაც შეეხება მაჩალიკაშვილისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, ადვოკატის თქმით, აღნიშნულს გარკვეული პროცედურების გავლა სჭირდება, მათ შორის საქმეში უნდა არსებობდეს ექსპერტიზის დასკვნა, რომელსაც ამ დრომდე ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები