სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
პროცესი დღეს 18 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება, ვინაიდან განსახილველი საქმე სქესობრივ დანაშაულს ეხება. პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.
ლაშა ნაკაიძის წინააღმდეგ საქმე 3 მუხლით აღიძრა – „მთავარი არხი“ ტელეწამყვანთან თანამშრომლობას წყვეტს
პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტებზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მთავარი არხის“ დილის გადაცემის ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე 17 აგვისტოს დააკავეს.
გამოძიების თანახმად, ნაკაიძემ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – “დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ასევე, სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე.
აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე”.
ტელეწამყვანი ბრალს არ აღიარებს.
ფოტო: „ნეტგაზეთი“