LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა და ევროკომისიის ფორუმზე საქართველოში ციფრულ ხელმისაწვდომობაზე ისაუბრეს

113
კომისია

კომუნიკაციის კომისიის (ComCom) წევრმა ეკატერინე იმედაძემ და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა ნინო გრძელიშვილმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირისა (ITU) და ევროკომისიის ორგანიზებით გამართულ ფორუმში „ხელმისაწვდომი საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები ყველასთვის“ მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თანასწორობის საკითხებში ევროკომისარმა ჰელენა დალიმ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის ტელეკომუნიკაციების განვითარების ბიუროს დირექტორმა კოსმას ზავაზავამ, ტელეკომუნიკაციების და ციფრული ინფრასტრუქტურის საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა მარია გონსალეს ვერაკრუსმა და სოციალურ საკითხებში ესპანეთის სახელმწიფო მდივანმა მარია როსა მარტინეს როდრიგესმა.

ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე, რომელიც ციფრული ხელმისაწვდომობის მიმართულებით ევროპის მარეგულირებელი გარემოს მიმოხილვას დაეთმო, ეკატერინე იმედაძემ ციფრული ხელმისაწვდომობის კუთხით  საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ღონისძიების მონაწილეებს ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრის თვალსაზრისით კომუნიკაციების კომისიის საქმიანობა გააცნო.

„მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის განხორციელებაშიც საკვანძო როლი აკისრია კომუნიკაციების კომისიას. პროექტი „Log in Georgia“, რომელიც მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს, მიზნად საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლიანი და მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობის შექმნას ისახავს. ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, პროექტის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრასა და ციფრული ინკლუზიის უზრუნველყოფის საკითხებს”, – აღნიშნა ეკატერინე იმედაძემ.

პანელურ დისკუსიაში საბერძნეთის, შვედეთის, ლიეტუვისა და ხორვატიის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოებისა და ევროკომისიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვებ მისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ გადადგმული ნაბიჯები წარადგინეს.

ღონისძიების მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ინკლუზიური ციფრული საზოგადოების შექმნის მნიშვნელობაზე და მიმოიხილეს ამ მიმართულებით ევროპაში არსებული მარეგულირებელი გარემო. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა გაეროს ციფრული ხელმისაწვდომობის მოდელის პრინციპები და ის გამოწვევები, თუ შესაძლებლობები, რომლებიც, შესაძლოა, მის გამოყენებას მოჰყვეს. გარდა ამისა, ფორუმის მონაწილეებმა ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ციფრული ხელმისაწვდომობის უნივერსალური დიზაინის, ხელოვნური ინტელექტის, მეტავერსისა და ციფრული ხელმისაწვდომობის კვეთის, ასევე, ციფრული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაში ახალი ტექნოლოგიების ხელშემწყობი როლის შესახებ იმსჯელეს.

ფორუმის მიზანს ციფრული ხელმისაწვდომობის საკითხზე ცნობიერების ამაღლება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ციფრული ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად მომავალი თანამშრომლობისათვის საფუძვლის მომზადება წარმოადგენს.  ღონისძიებაში ევროკომისიის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების, ტელეკომუნიკაციების სამინისტროების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები